ფეხბურთი

2:00 | 23.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

დი მარიას შოუ "იუვენტუსს" მოსაგებად არ ეყო

იტალიის სერია A-ს მე-19 ტურში „იუვენტუსი“, რომელიც ორი დღის წინ დასაჯეს და 15 ქულა დააკლეს, ბრწყინვალე ფორმაში მყოფ „ატალანტას“ შეხვდა, რომელიც ტურინში ისე ჩავიდა, რომ ბოლო ორ მატჩში 13 გოლი ჰქონდა გატანილი.

ამრიგად, „იუვემ“ უმძიმეს პერიოდში ბრწყინვალე ხასიათზე მყოფ „ატალანტასთან“ მაინც იბრძოლა და ქულა მოიპოვა. თამაში დიდებული გამოვიდა და ანგარიში თავისთავად მეტყველებს ამაზე - 3:3.

სტუმრები სწრაფადვე, მეხუთე წუთზე დაწინაურდნენ ადემოლა ლუკმენის გოლით, მაგრამ მერე „იუვე“ ათამაშდა და პირველივე ტაიმში წინ გავიდა. ეს ანხელ დი მარიას და ნიკოლო ფაჯოლის დამსახურებაა, რომლებმაც დიდებული თამაში ჩაატარეს. არგენტინელი ვარსკვლავის შეჩერება ურთულესი გამოდგა და სწორედ მან გაათანაბრა ანგარიში ფაჯოლის მოპოვებული პენალტით, ხოლო ცოტა ხანში ანხელმა ქუსლით ფაჯოლის უბადლო პასი მისცა, „იუვეს“ ახალგაზრდა ნახევარმცველის ჩაწოდების შემდეგ კი არეკ მილიკმა გაიტანა - 2:1.

მეორე ტაიმის სტარტი კი ტურინელთათვის ცივი შხაპი გამოდგა, რადგან 46-ე და 53-ე წუთებზე ორი გოლი გაუშვა და 7 წუთში ანგარიშში ჩამორჩა. მიუხედავად ამისა, მასპინძლებმა მობილიზება მოახერხეს და 65-ე წუთზე გაათანაბრეს, რაშიც ისევ დი მარიას წვლილია, რომელმაც ჯარიმა უნაკლოდ გაუთამაშა დანილოს და ბრაზილიელმაც მცველმა უძლიერესი დარტყმით გაათანაბრა.

„იუვენტუსს“, რომელსაც 15 ქულა დააკლდეს, ახლა მხოლოდ 23 ქულა აქვს და მეათე ადგილზეა. ცხადია, მასიმილიანო ალეგრის გუნდის მდგომარეობა ისევ მძიმეა და წესით, აქცენტის გაკეთება ევროპა ლიგაზე მოუწევს, სადაც ერთ თვეში „ნანტს“ დაუპირისპირდება.

„იუვენტუსი“ – „ატალანტა“ 3:3 (2:1)

გოლები: 0:1 ლუკმენი (5), 1:1 დი მარია (25), 2:1 მილიკი (34), 2:2 მეჰლე (46), 2:3 ლუკმენი (53), 3:3 დანილო (65)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.066096