მსოფლიოს პირველი ჩოგანი, პოლონელი იგა სვიატეკი ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა. ის 6-4, 6-4 დამარცხდა უიმბლდონის ყაზახ ჩემპიონ ელენა რიბაკინასთან, ვინც სეზონის პირველი დიდი სლემის ტურნირის მეოთხედფინალში პირველად გავიდა.
„ეს ძალიან რთული შეხვედრა იყო. მე პატივს ვცემ იგას, რადგან ის ნამდვილი მებრძოლია. ის ახალგაზრდა მოთამაშეა. ამ შეხვედრაში კარგად აწოდებდა. მე კარგად ვითამაშე განსაკუთრებით გადამწყვეტ მომენტებში. განსხვავება სწორედ ამაში იყო“, - განაცხადა რიბაკინამ, ვინც ტურნირზე განთესვის 22 ნომრით თამაშობს. მისი მომდევნო მეტოქეა ლატვიელი ელენა ოსტაპენკო.
სვიატეკმა, ვინც საფრანგეთის და აშშ-ის ღია პირველობების მოქმედი ჩემპიონია, თამაში ცუდად დაიწყო. მან პირველივე გეიმი, თავის მოწოდებაზე დაკარგა. მან ანგარიში მეოთხე გეიმში გაათანაბრა. მაგრამ რიბაკინამ კიდევ ერთ ბრეიკს მიაღწია და სეტიც თავის სასარგებლოდ დაასრულა.
მეორე სეტის დასაწყისში, სვიტეკმა ზედიზედ სამი გეიმი მოიგო, მაგრამ რიბაკინამ მალევე შეძლო ანგარიშის გათანაბრება. 4-4-ზე მან საკუთარი გეიმი მოიგო და მომდევნოში კიდევ ერთ ბრეიკს მიაღწია, რითაც შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა.