იტალიის სერია A-ს მე-19 ტურში „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე „სალერნიტანას“ ესტუმრა და შუა კვირაში „კრემონეზესთან“ იტალიის თასზე განცდილი მარცხისთვის რეაბილიტაცია მოახერხა.
„აძურიმ“ მეტოქეს ყველაფერში აჯობა და მთლიანობაში საკმაოდ მარტივად მოიგო. ლუჩანო სპალეტის გუნდმა პირველი ტაიმის ბოლოს და მეორე ტაიმის დასაწყისში თითოჯერ გაიტანა და შინ დამსახურებული 3 ქულით დაბრუნდა.
ანგარიში მარიო რუისა და ზამბო ანგისას შესანიშნავი კომბინაციის შედეგად გაიხსნა, გოლი კი ჯოვანი დი ლორენცოს ანგარიშზეა. 48-ე წუთზე ვიქტორ ოსიმენმაც შეძლო თავის გამოჩენა, მიმდინარე სეზონში მე-13 გოლი მიითვალა და ბომბარდირთა დავაში პოზიცია გაიმყარა. ამრიგად, ნეაპოლიტანელებმა 2:0 იმარჯვეს და 50 ქულა დააგროვეს.
„ნაპოლიმ“ სერია A-ს პირველი წრე 50 ქულით ისტორიაში პირველად დაასრულა და ეს კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. სხვათა შორის, აქამდე მხოლოდ „იუვენტუსმა“ (ორჯერ) და „ინტერმა“ (ერთხელ) მოახერხეს პირველი წრის მინიმუმ 50 ქულით დასრულება და შემდეგ მათ სკუდეტო მოიგეს. ასე რომ, ტრადიციას თუ დავეყრდნობით, „ნაპოლი“ ჩემპიონი უნდა გახდეს. თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდია და წინ მთელი მეორე წრე - 19 ტურია.
მანამდე კი „ნაპოლი“ 50 ქულით ლიდერია და „მილანს“ 12 ქულით უსწრებს (ლომბარდიელებს თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული), ხოლო მომდევნო ტურში „აძური“ 29 იანვარს „რომას“ უმასპინძლებს. მანამდე ერთი კვირაა და სავარაუდოდ, ხვიჩა კვარაცხელია სათამაშოდ მზად იქნება, რომელმაც ბოლო ორი თამაში გრიპის გამო გამოტოვა.
თავის მხრივ, კვარამ სერია A-ს პირველ წრეში 15-ჯერ ითამაშა, 7 გოლი გაიტანა, 7 საგოლე პასი გააკეთა და ორჯერაც პენალტი გამოიმუშავა. ამ ბრწყინვალე სტატისტიკაში ცხადია არ შედის ჩემპიონთა ლიგაზე ნაჩვენები შედეგები და მხოლოდ სერია A-ს სტატისტიკაა დათვლილი.
„სალერნიტანა“ – „ნაპოლი“ 0:2 (0:1)
გოლები: 0:1 დი ლორენცო (45), 0:2 ოსიმენი (48)