ავსტრიის კიცბუელში გამართული, მსოფლიო თასის დაშვების რბოლა, ადგილობრივმა ვინსენტ კრიხმაირმა მოიგო. დაძაბულ პაექრობაში, მან უკან მოიტოვა იტალიელი ფლორიან შიდერი და შვეიცარიელი ნილს ჰინტერმანი. შეჯიბრისას მძიმე ინციდენტი შეემთხვა ნორვეგიელ ჰენრიკ როას, ვინც ფეხი მოიტეხა და ტრასიდან მის ევაკუაციას ვერტმფრენი დასჭირდა.
„ეს გამარჯვება ჩემთვის ბევრს ნიშნავს. დაშვებაში ავსტრიელისთვის კიცბუელში გამარჯვება საოცარი რამ არის. ჩემთვის ეს მსოფლიო თასზე ყველაზე მნიშვნელოვანი რბოლაა და მე მაქსიმალურად დავიხარჯე. ყოველ მეტრზე თავს არ ვზოგავდი. ეს არ იყო უნაკლო გამოსვლა, მაგრამ ნამდვილად ზღვარზე გავიარე“, - განაცხადა კრიხმაირმა.
პრობლემები შეექმნათ ფავორიტებს, ნორვეგიელ ალეკსანდრ ომოდტ კილდეს და შვეიცარიელ მარკო ოდერმატს. თუმცა, ორივემ შეძლო რბოლის ფინიშამდე მიღწევა. ოდერმატს ბადეში გახვევამდე ცოტა დააკლდა. მან წონასწორობა აღიდგინა და რბოლაც დაასრულა, მაგრამ ფინიშის არეში ძლიერ კოჭლობდა და შესაძლოა, მომდევნო რბოლები გამოტოვოს.
კილდმ შედარებით ნელი სტარტი აიღო, მაგრამ ტრასის შუაში ტემპი გაზარდა და ბოლოსკენ, სულ უფრო უახლოვდებოდა ლიდერ კრიხმაირის დროს. მაგრამ ბოლო სექტორში ისიც შეცდა და ცოტა დააკლდა, რბოლა ბადეში გახვეულს დაესრულებინა. მანაც ფინიშს მიაღწია, მაგრამ მხოლოდ მე-16 შედეგი ჰქონდა.
აღსანიშნავია, რომ კრიხმაირი ტრასაზე ერთ-ერთი პირველი გავიდა და ბევრიც ინერვიულა, რადგან ამინდი თანდათან გაუმჯობესდა და ტრასის მდგომარეობა, უკეთესი დროის ჩვენების საშუალებას იძლეოდა. მაგრამ მისი შედგი ვერავინ გააუმჯობესა.