„ინტერის“ ფეხბურთელმა ჰაკან ჩალჰანოღლუმ იტალიის სუპერთასის მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ეს გამარჯვება თურქი ფეხბურთელისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან ჩალჰანოღლუ ადრე „მილანში“ თამაშობდა.
"ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, მით უმეტეს ჩემთვის. ძალიან ბედნიერი ვარ, მადლობა ჩემს თანაგუნდელებს და გულშემატკივრებს, რომლებიც აქ მოვიდნენ. 3:0 მოვიგეთ, შედეგი თავისთავად მეტყველებს, რამის დამატებას აზრი არ აქვს. შურისძიების სურვილი „მილანის“ საჩემპიონო ზეიმზე? რა თქმა უნდა. გაჩუმება მირჩევნია, მაგრამ კარმა ბრუნდება. ჩვენ „მილანი“ შევჭამეთ, მათ პატივი უნდა გვცენ.
უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება მეტი ქულის დაგროვებას, რადგან ჩვენ ჯერ კიდევ გვჯერა, რომ შეგვიძლია სკუდეტოს მოგება. შესვენების შემდეგ საუკეთესოდ დავიწყეთ და „ნაპოლი“ დავამარცხეთ „სან სიროზე“, მერე კი „მონცასთან“ მცირე შეცდომის გამო ქულები დავკარგეთ. იმედი მაქვს, რომ სუპერთასის მოგება სერია A-სთვის საჭირო ბიძგს მოგვცემს“, - თქვა ჩალჰანოღლუმ.
შეგახსენებთ, რომ „ინტერი“ სერია A-ში ლიდერ „ნაპოლის“ 10 ქულით ჩამორჩება. ჰაკან ჩალჰანოღლუ „მილანში“ 2017-2021 წლებში თამაშობდა და „როსონერიდან“ პირდაპირ „ინტერში“ გადავიდა, თანაც უფასოდ.