მილანურ დერბიში „ინტერმა“ „მილანი“ იოლად დაამარცხა და იტალიის სუპერთასი მოიგო. შეხვედრა საუდის არაბეთის ქალაქ რიადში გაიმართა და მოქმედი ჩემპიონის მოთამაშე „მილანმა“ იტალიის თასის გამარჯვებულ „ინტერს“ წინააღმდეგობა ვერ გაუწია და შეიძლება ითქვას, უშანსოდ წააგო.
მატჩის ბედი საწყის 20 წუთში თითქმის გადაწყვეტილი იყო, რადგან ფედერიკო დიმარკომ და ედინ ჯეკომ „როსონერის“ კარში ორი გოლი გაიტანეს. მატჩის მიწურულს კი ლაუტარო მარტინესმა ეფექტურად ითამაშა და „დერბი დელა მადონინაში“ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:0.
„ინტერმა“ იტალიის სუპერთასი ზედიზედ მეორედ, ისტორიაში კი მეშვიდედ მოიგო და სწორედ „მილანს“ გაუტოლდა, თუმცა, პირველ ადგილზე „იუვენტუსია“, რომელსაც სუპერთასი 9-ჯერ აქვს მოგებული.
თავის მხრივ, სიმონე ინძაგი მწვრთნელის რანგში ამ ტიტულს მეოთხედ დაეუფლა და თვით მარჩელო ლიპისა და ფაბიო კაპელოს გაუთანაბრდა. ამაზე მეტჯერ იტალიის სუპერთასი არცერთ მწვრთნელს მოუგია.
„მილანი“ კი შეიძლება ითქვას, რომ მინი კრიზისშია, რადგან ბოლო ოთხი მატჩი ვერ მოიგო. სერია A-ში „რომასა“ და „ლეჩეს“ ვერ აჯობა, იტალიის თასიდან „ტორინოსთან“ მარცხით გავარდა, ხოლო ახლა პრინციპულ მეტოქესთან სატიტულე შეხვედრა უშანსოდ წააგო.
„მილანი“ – „ინტერი“ 0:3 (0:2)
s0:1 დიმარკო (10), 0:2 ჯეკო (21), 0:3 ლაუტარო (77)