ფეხბურთი

1:00 | 17.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

მაფიის ბოსი, რომელიც 30-წლიანი ძებნის შემდეგ დააკავეს, 13 წლის წინ სერია A-ს მატჩსაც ესწრებოდა

იტალიაში მაფიის ბოსი, მატეო მესინა დენარო დააკავეს, რომელიც პოლიციას 30 წლის განმავლობაში ემალებოდა და ამ პერიოდში მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. უფრო მეტიც, მისი ბოლო ფოტოც 90-იანი წლებით თარიღდებოდა.

მესინა დენაროს პალერმოში დაკავების შემდეგ კი, გაირკვა, რომ ის 2010 წელს, „პალერმოსა“ და „სამპდორიას“ მატჩს სტადიონზე დაესწრო, ისე, რომ ვერავინ იცნო. ამის შესახებ La Repubblica წერს.

საქმე ეხება 2010 წლის მაისში, სერია A-ს 37-ე ტურის მატჩს, რომელშიც მეოთხე ადგილისა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურის ბედი ირკვეოდა. ბოლოსწინა ტურში სწორედ „პალერმო“ და „სამპდორია“ იბრძოდნენ მე-4 ადგილისთვის, საბოლოოდ, მატჩი 1:1 დასრულდა და მიზანს გენუელებმა მიაღწიეს. ცნობისთვის, მაშინ თამაშს სტადიონზე 35.872 მაყურებელი დაესწრო.

მესინა დენარო ფეხბურთის ქომაგი არასდროს ყოფილა და არც 13 წლის წინ იყო „რენცო ბარბერაზე“ „პალერმოს“ საქომაგოდ. წყაროს თანახმად, ის მაშინ სტადიონზე პალერმოელ მაფიოზებთან შესახვედრად მივიდა.

აქვე გეტყვით, რომ მატეო მესინა დენაროს, რომელიც 60 წლისაა, რამდენიმე მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115956