ქართველმა მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძემ ტუნისის გრან პრიზე გამარჯვება მოიპოვა, რის შემდეგაც, ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის განახლებულ რეიტინგში, ხმლით ფარიკაობაში პირველ ადგილს იკავებს.
სანდრო ბაზაძეს ტუნისის გრან პრიზე მიღწეული წარმატების შემდეგ 233 ქულა დაუგროვდა, რითაც სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, უნგრელ არონ სილაგის 7 ქულით გაასწრო. მესამე პოზიციას იტალიელი ლუკა კურატოლი 148 ქულით იკავებს.
შეგახსენებთ, რომ ტუნისის გრან პრის ფინალში, სანდრომ იტალიელი, ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი ლუიჯი სამელე 15:8 დაამარცხა. იქამდე კი სანდრომ უნგრელ ანდრას სატმარს (15:12), გერმანელებს, მატიას შაბოსა (15:8) და რაულ ბონაჰს (15:13), რუმინელ მატეი სიდუს (15:4) და იაპონელ კენტო იოშიდას (15:14) სძლია.