სხვა

14:20 | 16.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა ტყვიის მსროლელებმა „დიდ პრიზზე“ ოქროს და ვერცხლის მედლები მოიპოვეს

სლოვენიის ქალაქ რუსეში დასრულდა ტყვიის სროლაში „დიდი პრიზი,“ რომელშიც ქართველმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს და ოქროს და ვერცხლის მედლები მოიპოვეს.



მარიამ ფროდიაშვილმა და ცოტნე მაჭავარიანმა 575 ქულით რუსეში მიმდინარე ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპი მოიგეს, წყვილთა ფინალში კი 16:14 დაამარცხეს ელმირა კარაპეტიანისა და ბენიკ ხლგატიანის წყვილი და ოქროს მედალი მოიპოვეს.

საკვალიფიკაციოში ეტაპზე მეორე ქართული დუეტიც გამოდიოდა - ლიზი კილაძე და აკაკი მოსულიშვილი. მათ ჯამური 566 ქულა დააგროვეს, 16 გუნდს შორის მე-10 ადგილი დაიკავეს და პლეი ოფში ვერ გავიდნენ.

წარმატებით იასპარეზა ქალთა ნაკრებმაც. ნინო სალუქვაძემ, მარიამ ფროდიაშვილმა და ლიზი კილაძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს. ქალთა სამეული ფინალში პოლონეთთან 6:16 დამარცხდა.

ვაჟთა ნაკრები ლევან ქადაგიძის, აკაკი მოსულიშვილის და ცოტნე მაჭავარიანის შემადგენლობით, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში შვეიცარიასთან 10-16 დამარცხდა.

ამ ტურნირის შემდეგ, მსროლელები სლოვენიიდან ხორვატიაში გადაინაცვლებენ, სადაც 17-21 იანვარს ოსიეკში იასპარეზებენ მორიგ „დიდ პრიზზე.“

0.117799