იტალიის სერია A-ს მე-15 ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ „ვენეციას“ უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში 79:78 დაამარცხა.
ბოლონიელებმა თამაში ბოლოსკენ შემოაბრუნეს და დასკვნითი მეოთხედი 7 ქულით მოიგეს, თორემ მანამდე მორიგ მარცხთან ძალიან ახლოს იყვნენ. აღსანიშნავია, რომ „ვირტუსმა“ წარუმატებელი სერია დაასრულა, რომელიც სერია A-ში ორ და ევროლიგაშიც ორ წაგებას იტევდა.
შენგელია ერთ-ერთი საუკეთესო იყო და 28 წუთში 15 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი, 1 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 10-დან 5 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 11-ს გაუტოლდა. თორნიკეზე შედეგიანი „ვირტუსის“ რიგებში მხოლოდ დანიელ ჰაკეტი იყო, რომელმაც 17 ქულა ჩააგდო.
„ვირტუს ბოლონია“ 12 მოგებით და 3 წაგებით პირველ-მეორე ადგილს „ოლიმპია მილანოსთან“ ერთად იყოფს, მომდევნო ტურში კი 22 იანვარს, „ბრინდიზის“ სტუმრად შეხვდება.