ქართულმა რაგბმა გასული, 2022 წელი შეაჯამა და სხვადასხვა ნომინაციებში გამორჩეულები დააჯილდოვა. მასშტაბურ ღონისძიებას ყველა თაობის მორაგბეები ესწრებოდნენ, ასევე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.
ნომინანტთა ნაწილი გულშემატკივართა გამოკითხვით, ნაწილი სტატისტიკის საფუძველზე, ნაწილი კი მედიის, კლუბებისა და სპორტული საბჭოს წარმომადგენლების გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა.
ბორჯღალოსნები და ქართული რაგბი
გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად, წლის მორაგბედ ზედიზედ მეორედ (2021, 2022) დასახელდა დავით ნინიაშვილი. ის ასევე წლის საუკეთესო ლეგიონერი გახდა.
2022 წლის საუკეთესო მორაგბის ნომინაციაზე წარდგენილები იყვნენ: დავით ნინიაშვილი; სანდრო თოდუა; ვასილ ლობჟანიძე; ბექა საღინაძე; ბექა გორგაძე.
ნინიაშვილი ტოპ 14-ის ‘ლიონში’ 2021 წლის ზაფხულში გადავიდა და მიუხედავად ასაკისა, მალევე იქცა გუნდის შეუცვლელ მოთამაშედ. 2020 წლიდან ის ბორჯღალოსნების უცვლელი წევრიც გახდა. 2022 წელს მან ნაკრებში 10-იდან 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ყველა შემთხვევაში სასტარტო შემადგენლობაში იყო, ჯამში მოედანზე 606 წუთი გაატარა და 2 ლელო გაიტანა. ის რამდენიმე სალელოვე გადაცემის ავტორიც გახდა და დიდი წვლილი შეიტანა იტალიასთან და უელსთან მოპოვებულ ისტორიულ გამარჯვებებში. ჯამში 20 წლის მორაგბის ანგარიშზე 17 კეპი და 33 ქულაა (6 ლელო, 1 ჯარიმა).
გულშემატკივარმა წლის საუკეთესო ლელოდ თედო აბჟანდაძის მიერ იტალიასთან გატანილი პირველი ლელო აღიარა. ნინიაშვილმა ფეხით გადაკიდებული ბურთი ცენტრალური ხაზის სიახლოვეს, მაღალ ნახტომში მოხსნა, მარჯვენა ფრთაზე გაიჭრა და აბჟანდაძეს გადაცემა არ დაუგვიანა, თედომ კი ბოლო მცველი ცრუმოძრაობით ჩამოიცილა და ოვალი ძელებსშუა დაამიწა.
საუკეთესო ლელოს ნომინაციაზე წარდგენილი იყო: თედო აბჟანდაძის ლელო იტალიასთან; დავით ნინიაშვილის ლელო არგენტინა XV-თან; სანდრო თოდუას ლელო უელსთან; სანდრო თოდუას ლელო იტალიასთან; აკა ტაბუცაძის ლელო ესპანეთთან.
წლის დარტყმა 19 ნოემბერს, კარდიფში ლუკა მატკავამ შეასრულა. ის უელსთან შეცვლაზე 74-ე წუთზე შევიდა, 78-ეზე დაახლოებით 42 მეტრიდან ჯარიმა გაიტანა და საქართველოს ისტორიული გამარჯვება მოუპოვა – 13:12. ეს მატკავასთვის მეორე სანაკრებო თამაში და პირველი ქულები იყო.
წლის დარტყმის ნომინანტები იყვნენ: ლუკა მატკავას ჯარიმა უელსთან; გელა აფრასიძის ჯარიმა იტალიასთან; თედო აბჟანდაძის ჯარიმა სამოასთან; ვასილ ლობჟანიძის არეკნი ესპანეთთან; თედო აბჟანდაძის გარდასახვა არგენტინა XV-თან.
წლის დებიუტანტად 20 წლის ალექსანდრე ქუნთელია დასახელდა. ის ნოემბერში, სამოასთან მატჩში შეცვლაზე 63-ე წუთზე შევიდა 5 წუთში სადებიუტო ლელოც გაიტანა. ერთი კვირის თავზე ქუნთელიამ უელსთანაც ითამაშა შეცვლაზე. დასკვნით წუთებში საქართველომ მეტოქე მისსავე შერკინებაში ორჯერ დააჯარიმა, რაშიც ქუნთელიას წვლილიც იყო და ბორჯღალოსნებმა კარდიფში ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს.
წლის დებიუტანტის ნომინანტები იყვნენ: ლუკა მატკავა; სანდრო ქუნთელია; ლადო ჩაჩანიძე, ნიკა აბულაძე; სანდრო მამამთავრიშვილი.
2022 წელს ბორჯღალოსნების კვართით ყველაზე მეტი – 7 ლელო აკა ტაბუცაძემ გაიტანა. მან 8 თამაშში მიიღო მონაწილეობა და მოედანზე ჯამში 599 წუთი გაატარა. 2020 წლიდან დღემდე ტაბუცაძემ 23 თამაშში 19 ლელო მიითვალა.
წლის მექულე თედო აბჟანდაძეა. მან გასული წლის განმავლობაში 10-ივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მოედანზე 779 წუთი გაატარა და გუნდს 119 ქულა შესძინა – 3 ლელო, 28 გარდასახვა და 16 ჯარიმა. 2018 წლიდან დღემდე მან 38 თამაშში 307 ქულა მოიხვეჭა.
სპეციალური პრიზი – წლის კაპიტანი გადაეცა ბორჯღალოსნებისა და ‘შავი ლომის’ კაპიტან მერაბ შარიქაძეს.
ასევე დაჯილდოვნენ რაგბის კავშირის რჩეული მოთამაშეები – სანდრო თოდუა და ვასილ ლობჟანიძე. თოდუამ წლის განმავლობაში 8 თამაშში 3 ლელო გაიტანა, მათ შორის თითო-თითო იტალიასთან და უელსთან. 9 შეხვედრა ჩაატარა ლობჟანიძემ, ტრადიციულად სტაბილური იყო და მანაც 3 ლელო მიითვალა.
წლის მწვრთნელისთვის განკუთვნილი ჯილდო ლევან მაისაშვილს გადაეცა, რომლის გაწვრთნილმა ბორჯღალოსნებმა 2022 წელს ორი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა ტიერ1-ის გუნდებთან – ჯერ იტალიასთან ბათუმში და მერე უელსთან კარდიფში. გარდა ამისა, მაისაშვილმა ‘შავ ლომს’ ორჯერ მოაგებინა რაგბი ევროპის სუპერ თასი.
წლის საუკეთესო მოშვიდკაცე ირაკლი სიმსივე გახდა. ბოლო წლებში ქუთაისის ‘აიას’ მორაგბე 7-კაცას უცვლელ წევრად იქცა და ფაქტობრივად მთელი წელი შეუსვენებლივ ირაგბა. კლუბში ხაზის მოთამაშე, აღნაგობიდან გამომდინარე 7-კაცაში შერკინების პოზიციაზე ირჯება და დუბაის საერთაშორისო ტურნირის ფინალში გარდასახვიდან გამარჯვების არეკნიც გაიტანა.
წლის საუკეთესო ქალი მორაგბე ირმა გულიაშვილია. ის დედოფლისწყაროს სოფელ ქედაში გაიზარდა და რაგბს 17 წლის ეზიარა, თამაში კი ისე შეუყვარდა, ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა და სისტემატური ვარჯიშები ჯერ ნაკრებში მოხვედრით, ახლა კი საუკეთესოდ აღიარებით დაუფასდა. მიუხედავად ტრავმებისა, ირმა მოედანს კიდევ უფრო ძლიერი დაუბრუნდა, რაგბი ევროპის „ალაფის“ დასრულების შემდეგ კი, მისმა გულისწორმა ხელი პირდაპირ მოედანზე სთხოვა.
სპეციალური პრიზები გადაეცათ: რაგბის მუდმივ პარტნიორს „ფონდ ქართუს“; ვეტერან მორაგბეთა კავშირს, რაგბის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის; მსაჯთა განვითარებისთვის რაგბის კავშირის სამსაჯო კომიტეტს; გაეროს ქალთა ორგანიზაციას რაგბში ქალთა გაძლიერებისთვის; რაგბის ყველაზე ხმამაღალ გულშემატკივარს – „ბორჯღალოსნებს“; ზაალ გიგინეიშვილს ქართული რაგბის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის; წლის სარაგბო კომენტატორი ნიკა ჩალათაშვილი გახდა; ქართული და საერთაშორისო რაგბის გაშუქებასა და რაგბის პოპულარიზებაში შეტანილი წვლილისთვის რაგბი TV-ს.
2021/2022 წლების დიდი 10
ასევე დაჯილდოვდნენ დიდი 10-ის გასული, 2021-2022 წლების სეზონის საუკეთესოები. შეგახსენებთ, საქართველოს XXXII ჩემპიონატის ფინალში, 5 ივნისს „დინამო არენაზე“, ‘ბათუმმა’ ბოლნისის ‘ყოჩები’ 23:14 დაამარცხა და მეოთხედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი. ვერცხლის მედლები ‘ყოჩებს’ ერგო, ბრინჯაოს კი რუსთავის ‘ხარები’ დაეუფლა.
საუკეთესოების გამოსავლენად კლუბებს შორის გამოკითხვა ჩატარდა, ორი ნომინანტი კი სტატისტიკის საფუძველზე გამოვლინდა.
დიდი 10-ის გასული სეზონის საუკეთესო მწვრთნელი ვიქტორ დიდებულიძე (ყოჩები, ბოლნისი) გახდა. ვეტერან ბორჯღალოსანს ნაკრების კვართით 45 თამაში აქვს ჩატარებული, ორი მსოფლიო თასის მონაწილეა და ჯამში 5 ლელო აქვს გატანილი. მისი გაწვრთნილი გუნდი ლაღად ბურთაობდა და ქომაგს სანახაობრივი რაგბით ანებივრებდა. რაც მთავარია, ამას შესაბამისი შედეგიც ახლდა და მიუხედავად იმისა, რომ ‘ყოჩები’ ფინალში დამარცხდა, მეტოქე კლუბებმა ჯამში საუკეთესოდ დიდებულიძე დაასახელეს.
დიდი 10-ის საუკეთესო მორაგბედ კლუბებმა ‘ბათუმის’ კაპიტანი ბექა ურჯუკაშვილი დაასახელეს. ის ზღვისპირელთა ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო და ფინალში ‘ყოჩებს’ ლელოც გაუტანა. ურჯუკაშვილს ბორჯღალოსანთა კვართით 7-ჯერ უთამაშია და 2 ლელო და 3 ჯარიმა გაიტანა.
სტატისტიკის შედეგად საუკეთესო მექულე 209 ქულით მამუკა ნინიძე გახდა. მან 6 ლელო, 64 გარდასახვა და 17 ჯარიმა გაიტანა. ის კარგი თამაშითა და სტაბილურობით ბათუმელთა ტრიუმფის ერთ-ერთი შემოქმედი იყო. მამუკას ანგარიშზე 3 სანაკრებო კეპია.
16 ლელოთი საუკეთესო მელელოვე რუსთავის ‘ხარების’ კვაჭი ლევან ჭავჭავაძე გახდა. მან უახლოეს მდევრებს მთელი 6 ლელოთი აჯობა. ჭავჭავაძე რუსთაველთა მძლავრ მოლს ხშირად ასრულებდა ლელოთი, თუმცა რამდენჯერმე მეტოქის ხაზი ღია თამაშშიც გაარღვია. გასულ სეზონში ის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ყველაზე მეტჯერ, 5-ჯერ დასახელდა.
ჯილდო, როგორც სწრაფად განვითარებადი კლუბი ‘ხვამლმა’ დაიმსახურა. მიუხედავად მწირი რესურსისა, დავით ცხვედიანის ხელმძღვანელობით, გუნდმა სწრაფად გაიარა სხვადასხვა ეტაპი და გასულ სეზონში პირველი ლიგის მოგებით დიდ 10-ში დაწინაურდა, სადაც მიმდინარე სეზონის 11 თამაშიდან 4 მოიგო, 6-ში კი მცირედი მარცხისთვის ნუგეშ-ქულას გამორჩა.
RUGBY.GE