რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „პსჟ“-ის ფეხბურთელს, ლეო მესის საუდის არაბეთის კლუბი, „ალ ჰილალი“ 300 მილიონ ევროს სთავაზობდა, თუმცა ეს ინფორმაცია ესპანელმა ექსპერტმა, გიიემ ბალაგმა უარყო.
არგენტინელს ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურება, ახალი ხელშეკრულება კი ჯერ არ გაუფორმებია. სხვადასხვა ინფორმაციით, კრიშტიანუ რონალდუს ახალი გუნდის, „ალ ნასრის“ მთავარი მეტოქე, „ალ ჰილალი“ ამ სიტუაციით სარგებლობას აპირებდა და მსოფლიო ჩემპიონს საკმაოდ მსუყე კონტრაქტს ჰპირდებოდა.
„ალ ჰილალისგან შეთავაზება არ ყოფილა. „პსჟ“ და მესი მომავალ კვირას გეგმავენ შეხვედრას, რათა მოლაპარაკება დაასრულონ, რომლის მიხედვითაც, მესი საფრანგეთში დარჩება. ამჟამად მისი მოტივაცია ევროპაში დარჩენაა. ის ოქროს ბურთის მოგების მთავარი ფავორიტია, ჩემპიონთა ლიგაზეც კვლავ თამაშობს და მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ დიდი მიზნები აქვს. ამ შეთავაზებით მასთან მისვლა არა მხოლოდ აზრს მოკლებულია, არამედ მსგავსი ფაქტი არც არსებობდა“ - განაცხადა გიიემ ბალაგმა.
ლეო მესიმ პარიზში დაბრუნების შემდეგ პირველი გოლი „ანჟერის“ წინააღმდეგ გაიტანა. ის მატჩი „პარი სენ-ჟერმენმა“ 2:0 მოიგო.