ფეხბურთი

18:45 | 14.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

"იუნაიტედის" ქამბექი მანჩესტერულ დერბიში (+VIDEO)

ინგლისის პრემიერლიგის ტურის ცენტრალურ მატჩში მანჩესტერული დერბი შედგა, რომელშიც „იუნაიტედმა“ „სიტი“ დაამარცხა და დაამტკიცა, რომ ძალიან მაგარ ფორმაშია.

სეზონის კოშმარული სტარტის მერე ერიკ ტენ ჰაგმა ცალსახად მოახერხა გუნდის დალაგება და ახლა „იუნაიტედი“ უკვე საჩემპიონო რბოლაშიც ჩაება.

„წითელმა ეშმაკებმა“ მიმდინარე სეზონში „სიტისთან“ სტუმრად 3:6 წააგეს და ცხადია, საქმე სარევანშოდაც ჰქონდათ, რასაც თავი კარგად გაართვეს. უგოლო ტაიმის მერე პეპ გვარდიოლას გუნდი დაწინაურდა, როცა ჯეკ გრილიშმა თამაშის ერთი საათის თავზე ანგარიში გახსნა. თუმცა, სტუმრებმა ეს უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს.

ყველაფერი 4-წუთიან ინტერვალში შეიცვალა: ჯერ ბრუნო ფერნანდეშმა მოახერხა გატანა და წონასწორობა აღადგინა, ხოლო 82-ე წუთზე მარკუს რაშოფრდმა გამარჯვების გოლი გაიტანა და „ოლდ ტრაფორდზე“ დერბი მასპინძლებმა მოიგეს. აღსანიშნავია, რომ ბრუნოს გოლს დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა, რადგან მანამდე რაშფორდი თამაშგარეში იყო, ბურთს არ შეხებია, მაგრამ ეპიზოდზე გავლენა მოახდინა. თავიდან ლაინსმენმა თამაშგარე დააფიქსირა, მერე გოლიც მაინც ჩაითვალა.

„მანჩესტერისთვის“ ეს ზედიზედ მეხუთე მოგება იყო პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში, 38 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზეა, „მანჩესტერ სიტის“ კი უკვე მხოლოდ ქულით ჩამორჩება. თავის მხრივ, „ქალაქელებს“ საუკეთესო პერიოდი არ უდგათ, რადგან ბოლო ხუთ ტურში მხოლოდ 7 ქულა მოიპოვეს.

პრემიერლიგას ისევ „არსენალი“ ლიდერობს, რომელიც მანჩესტერელ კონკურენტებს 5 და 6 ქულით უსწრებს, თანაც თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ – „მანჩესტერ სიტი“ 2:1 (0:0)

გოლები: 0:1 გრილიში (60), 1:1 ბრუნო ფერნანდეში (78), 2:1 რაშფორდი (82)

0.123569