ავტოსპორტი

0:23 | 14.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლოებმა ზედიზედ მეხუთე ეტაპი მოიგო და მეორეზე გადაინაცვლა

სებასტიან ლოები დაკარის მიმდინარე რალი მარათონზე შეუდარებელია. მან უკვე ზედიზედ მეხუთე ეტაპი მოიგო და ამით მეორე ადგილზე გადაინცვლა. მის წინ მხოლოდ ნასერ ალ-ატიაა, ვინც დაკარზე მეხუთე ტრიუმფთან ახლოსაა.

ლოებმა (ბაჰრეინ რეიდ Xტრიმი) მარათონის მე-12 ეტაპი მოიგო და ფინიშთან მხოლოდ სამი წუთით და 19 წამით მიასწრო შვედ მატიას ერიკსონს (აუდი). რალიში მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონი ფრანგი, ვისაც უკვე ექვსი ეტაპი აქვს მოგებული, 12 ეტაპის შემდეგ, საათს და 27 წუთს აგებს ალ-ატიასთან. დარჩენილ ორ ეტაპზე, ასეთი დიდი ჩამორჩენის აღმოფხვრა, პრაქტიკულად შეუძლებელია.

„კარგია, როცა მარათონულ ეტაპზე ფინიშს აღწევ და მანქანაც კარგ მდგომარეობაშია. თუ ყოველ ეტაპს ტოპ ხუთეულში დავასრულებ, ეს ჩემთვის საკმარისი იქნება, რადგან საკმაოდ დიდი უპირატესობა მაქვს“, - განაცხადა კატარელმა, ვინც მე-12 ეტაპი მესამე ადგილზე დაასრულა.

ლოები დაკარის ისტორიაში სულ მეორე მრბოლია, ვინც ზედიზედ ხუთი ეტაპის მოგება შეძლო. პირველმა ეს ფინელმა არი ვატანენმა, 1989 წლის რბოლაში მოახერხა. ფრანგს შანსი აქვს, დაკარზე თავისი საუკეთესო მიღწევა გაიმეოროს. მას ეს პოპულარული რალი მარათონი ჯერ მოგებული არ აქვს.

0.117349