ფეხბურთი

20:30 | 13.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

დარიო სრნა: "გოჩოლეიშვილი ჩვენს სათამაშო სისტემას ერგება და "შახტარს" სარგებელს მოუტანს"

დონეცკის „შახტარმა“ საქართველოს ნაკრების კანდიდატი გიორგი გოჩოლეიშვილი წარადგინა. 21 წლის ფეხბურთელი უკრაინული ფეხბურთის გრანდში 13-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

გოჩოლეიშვილი „შახტართან“ ერთად თურქეთში შეკრებაზეა და სეზონის მეორე ნაწილისთვის ემზადება. ქართველი ფეხბურთელის შესახებ დონეცკელთა სპორტულმა დირექტორმა დარიო სრნამ ილაპარაკა:

„ბოლო ექვსი თვეა ვეძებდით ამ პოზიციის ფეხბურთელს, როცა დოდო და ვინისიუს ტობიასი დავკარგეთ. საბოლოოდ ვიპოვეთ ძალიან დიდი ნიჭის მქონე ფეხბურთელი, რომელიც საქართველოში თამაშობდა. ის კარგად ერგება ჩვენს ფეხბურთს, ჩვენს სათამაშო სისტემას, უყვარს შეტევა - ეს არის ის, რაც გვჭირდება. მოგვწონს ის, თუ როგორ წარმოაჩინა თავი გიორგიმ ამ პირველ ვარჯიშებზე და ველოდებით, რომ ის ყოველდღიურად განაგრძობს ზრდას, რაც „შახტარს“ სარგებელს მოუტანს.

რაც შეეხება მის თვისებებს, მაშინვე შევამჩნიეთ გამძლეობა და კარგი ბოლო პასი. დღეს ძალიან რთულია ისეთი ფეხბურთელების პოვნა, რომლებიც "შახტარს" შეეფერებიან, რადგან ჩვენ სპეციფიკური გუნდი ვართ, სპეციფიკური ფეხბურთით. არჩევანი გოჩოლეიშვილზე შეჩერდა და ვფიქრობ, არ შევცდით. ის იმუშავებს და მიიღებს თავის შანსს. შესანიშნავი გუნდი გვყავს, ამიტომ არცერთ ახალგაზრდა ფეხბურთელს არ უჭირს „შახტართან“ ადაპტაცია. კარგი ბიჭები გვყავს, ჩვენი გული ყოველთვის ღიაა, ამიტომ სწრაფად შეეგუება და კლუბს გამოადგება“, - თქვა სრნამ, რომელიც თვითონაც მარჯვენა მცველი იყო, თანაც ძალიან მაღალი დონის.

შეგახსენებთ, გიორგი გოჩოლეიშვილი „საბურთალოს“ აღზრდილია და 85 მატჩში 8 გოლით და 12 საგოლე პასით გამოირჩა. მას საქართველოს ნაკრებში დებიუტი მაროკოს ნაკრების წინააღმდეგ ჰქონდა და ასევე არის 21-წლამდელთა ნაკრების წევრი, რომლის მაისურით 7 მატჩი აქვს ჩატარებული. გიორგიმ „შახტართან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.104182