ვეტერანი იტალიელი მცველი დომენიკო კრიშიტო „ჯენოაში“ დაბრუნდა და მშობლიურ კლუბში თამაში მინიმალური ხელფასის სანაცვლოდ გადაწყვიტა.
კრიშიტო „ჯენოადან“ კანადურ „ტორონტოში“ გასულ ზაფხულს გადაბარგდა და ცხადია, MLS-ში ძალიან მაღალი ხელფასი ჰქონდა, მაგრამ ტორონტოში დიდი ხანი ვერ გაჩერდა, კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა და გენუელებს უფასოდ დაუბრუნდა.
რაც ნიშანდობლივია, დომენიკოს ხელფასი თვეში მხოლოდ 2 300 ევრო იქნება, რაც ასეთ დონეზე სათამაშოდ საკმაოდ დაბალი ხელფასია. ისიც ვთქვათ, რომ მან კანადაში 2.5-მილიონიანი კონტრაქტი გაწყვიტა.
36 წლის მცველი, რომელსაც იტალიის ნაკრებში 26-ჯერ უთამაშია, „ჯენოას“ აღზრდილია და ამ გუნდში რამდენჯერმე ირიცხებოდა: 2003-2007, 2009-2011, 2018-2022 წლებში. კარიერის განმავლობაში ასევე ითამაშა „იუვენტუსსა“ და „ზენიტში“.