იტალიის სერია A-ს მე-18 ტურში სუპერმატჩი შედგება, რომელშიც „ნაპოლი“ „იუვენტუსს“ უმასპინძლებს. ამ შეხვედრის წინ იტალიურ მედიაში ხვიჩა კვარაცხელიას სათამაშო ფორმა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა.
Calciomercato წერს, რომ ქართველ ფეხბურთელს მაცდური შანსი აქვს ფორმაში დასაბრუნებლად, რადგან „იუვენტუსთან“ განსაკუთრებული თამაში იქნება, რომლის ბედი განსაკუთრებულმა ფეხბურთელებმა უნდა გადაწყვიტონ.
„ნაპოლიმ“ „სამპდორიასთან“ ოსიმენისა და ელმასის გოლებით მოიგო და ზამთრის ჩემპიონი გახდა პირველი წრის დასრულებამდე ორი ტურით ადრე. ნეაპოლელები 7-7 ქულით უსწრებენ „იუვენტუსსა“ და „მილანს“, ეს მნიშვნელოვანი უპირატესობაა, რომელიც განსაკუთრებით სეზონის გიჟური სტარტის წყალობით მოიპოვა. ასევე ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის წყალობით, რომელიც ამ „ნაპოლის“ და მიმდინარე სეზონის აღმოჩენაა, მაგრამ ქართველი ტრავმის შემდეგ საუკეთესოდ არ დაბრუნებულა, ამ ორთვიანმა პაუზამ მას კარგი არაფერი მოუტანა.
კვარას ეფექტი წარმოუდგენელი იყო, გუნდის ნამდვილი ლიდერი თავისი თამაშით, დრიბლინგებით, გოლებით, პასებით და მოპოვებული პენალტებით. მისმა თამაშმა გულშემატკივარს ინსინიე მალევე დაავიწყა. „დინამო ბათუმის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ბოლოს გოლი 29 ოქტომბერს, „სასუოლოსთან“ მატჩში გაიტანა, როცა 2 საგოლე პასიც გააკეთა და შემდეგ ზურგი იტკინა. პრობლემა აშკარად მოგვარებულია, მაგრამ კვარა ჯერ კიდევ არ არის საუკეთესო ფორმაში. დეკემბრის ამხანაგურ მატჩებში რამდენიმე განგაშის ზარი დაფიქსირდა. ქართველ გარემარბს აღარ აქვს ის ბრწყინვალება, რაც რამდენიმე თვის წინ ჰქონდა, ფორმა საუკეთესო არ არის და მეტოქის საჯარიმოშიც სწორი გადაწყვეტილებების მიღება უჭირს.
ხვიჩას ფორმაში დაბრუნება აშკარად დროის საკითხია, რადგან მან „ნაპოლიში“ ყოფნის პირველ სამ თვეში აჩვენა, რომ ნიჭი აქვს. თუმცა, ახლა სცენაზე დაბრუნების დროა. შანსიც მაცდურია - ოთხ დღეში „მარადონაზე“ „იუვენტუსი“ ჩავას. განსაკუთრებულ თამაშს განსაკუთრებული ფეხბურთელი სჭირდება და კვარა მზად უნდა იყოს „ნაპოლის“ გულშემატკივრების აღსატაცებლად შეხვედრაში, რომელსაც 3 ქულაზე მეტი მნიშვნელობა აქვს“, - წერს Calciomercato.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა 13 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.