გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის „ბაიერნის“ შემტევმა, თომას მიულერმა განაცხადა, რომ გერმანიის ნაკრები არ დაუტოვებია და იქამდე, სანამ პროფესიონალურ ფეხბურთს ითამაშებს, ეროვნული გუნდისთვის ყოველთვის ხელმისაწვდომი იქნება.
„ბოლო მატჩის შემდეგ ემოციური ვიყავი. ძალიან სამწუხარო მომენტი იყო. ჩემს გადაწყვეტილებაზე კარგად დავფიქრდი და ჰანზი ფლიკთან იდეები გავცვალე. იქამდე, სანამ პროფესიონალურ ფეხბურთს ვითამაშებ, ეროვნული გუნდისთვის ყოველთვის ხელმისაწვდომი ვიქნები. ყველაფერი მწვრთნელის გადასაწყვეტია. ჩემი მიზანია კვლავ წარმატებული ვიყო. მე ძალიან მშვიდად ვარ და ყოველთვის იქ ვიქნები, როდესაც მწვრთნელს დავჭირდები“ - განაცხადა მიულერმა.
გერმანიის ნაკრებმა კატარის მუნდიალზე წარუმატებლად იასპარეზა, ჯგუფიდან გასვლა ვერ მოახერხა და ბოლო მატჩის შემდგომ მიულერმა მის მომავალზე გაურკვეველი განცხადება გააკეთა, რის შედეგადაც ბევრმა ჩათვალა, რომ ის სანაკრებო კარიერას ასრულებდა.
თომას მიულერს „ბუნდესნაკრების“ შემადგენლობაში 121 მატჩი აქვს ჩატარებული და ამ დროში 44 გოლის გატანა მოახერხა.