უკრაინის მოკავშირე ქვეყნებმა შესაძლოა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ბოიკოტი გამოუცხადონ, იმ შემთხვევაში, თუ რუსი სპორტსმენები პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობას მიიღებენ.
რუსი და ბელარუსი სპორტსმენები საერთაშორისო შეჯიბრებების დიდი ნაწილიდან მოკვეთილნი არიან და ვერც ნეიტრალური დროშის ქვეშ იღებენ მონაწილეობას. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა წინა თვეში განაცხადა, რომ განიხილავს იმ შესაძლებლობას, რუს და ბელარუს სპორტსმენებს ნეიტრალური დროშით მიეცეთ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მიღება, ვინაიდან სალიცენზიო ტურნირების დიდი ნაწილი მიმდინარე წლიდან იწყება.
„რუსი სპორტსმენების მისაღები პირობების შემუშავების გეგმა ნაადრევია. უკრაინის მოკავშირეების და მთელი ევროპის შეშფოთება სრულიად გამართლებულია. მეტი ინფორმაციაა საჭირო პუტინისა და მისი სამხედრო ლიდერების შესახებ, რომლებიც ჯერ კიდევ საშინლად აგრესიულები არიან. შესაძლოა უკრაინის მოკავშირე ქვეყნებმა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ბოიკოტი გამოუცხადონ“ - განაცხადა ნორვეგიელმა გერჰარდ ჰაიბერგმა, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს 23 წელია წარმოადგენს.
რამდენიმე კვირის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმაც განაცხადა, რომ რუსი სპორტსმენების ოლიმპიადაზე გამოსვლის წინააღმდეგი არაა, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი მსგავსი ფაქტი მიუღებლად მიიჩნია.
პარიზი ზაფხულის ოლიმპიადას 2024 წელს, ზუსტად ქვეყანაში პირველი ოლიმპიადის ჩატარებიდან საუკუნის თავზე უმასპინძლებს. ზაფხულის 33-ე ოლიმპიადა 26 ივლისს დაიწყება და 11 აგვისტოს დასრულდება.