„მანჩესტერ იუნაიტედი“ სატრანსფერო ფანჯრის დროს ცენტრალურ თავდამსხმელს აქტიურად ეძებს, ამჯერად კი მათ რადარზე „ბეშიქთაშის“ ნიდერლანდელი შემტევი, ვოუთ ვეგჰორსტი მოხვდა.
ვეგჰორსტი თურქულ კლუბში „ბარნლიდან" იჯარითაა განათხოვრებული და 16 შეხვედრაში თავი 8 გოლით გამოიჩინა. მან თავი გულშემატკივარს მსოფლიო ჩემპიონატზეც დაამახსოვრა, როდესაც 1/4 ფინალურ მატჩში არგენტინის ნაკრებს ცვლილებაზე შემოსულმა დუბლი შეუსრულა და მატჩი დამატებით დროში გადაიყვანა.
კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე შევსება ესაჭიროება, ვეგჰორსტი კი ტენ ჰააგისა და მისი გუნდის გეგმებში კარგად ჯდება.
ვეგჰორსტის გარდა ყველაზე აქტიურად ბოლო პერიოდში „წითელ ეშმაკებს“ ვინსენტ აბუბაქარსაც უკავშირებენ, რომელსაც „ალ ნასრმა“ რონალდუს დასარეგისტრირებლად კონტრაქტი გაუწყვიტა და ამჟამად ის უგუნდოდ იმყოფება.
ვოუთ ვეგჰორსტს კარიერის განმავლობაში „ემენში“, „ჰერაკლესში“, „ალკმაარსა“ და „ვოლფსბურგში“ უთამაშია, საიდანაც „ბარნლიში“ აღმოჩნდა.