შვეიცარიელმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა მარკო ოდერმატმა, იტალიის ბორმიოში გამართული სუპერ-გიგანტის რბოლა მოიგო. ამით მან მსოფლიო თასის აბსოლუტურ კლასიფიკაციაში, ლიდერობა განიმტკიცა.
ოდერმატმა 0.64 წამით აჯობა ავსტრიელ ვინსენტ კრიხმაირს, ვინც მეორე ადგილს დასჯერდა. მესამე დრო კი შვეიცარიელ ლოიკ მეიიარს ჰქონდა, ვინც გამარჯვებულს 1.22 წამით ჩამორჩა.
ამგვარად, 25 წლის ოდერმატს ამ სეზნში უკვე ხუთი რბოლა აქვს მოგებული, რითაც აბსოლუტურ კლასიფიკაციაში, 329 ქულას უგებს მეორეზე მყოფ ნორვეგიელ ალეკსანდერ ომოდტ კილდეს.
„უნაკლო სრიალი მქონდა. განსაკუთრებით, მარშრუტის მეორე ნახევარში. ძალიან რთული რბოლა იყო. ყინულიან, რთულ ტრასაზე მოგვიწია გამოსვლამ. ასეთ დროს, მეტი ტაქტიკური გამჭრიახობა გჭირდება. ამ მხრივ, კარგად ვიმუშავე“, - განაცხადა ოდერმატმა.