საფრანგეთის ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ, ჟურნალისტებს უამბო, რატომ დაბრუნდა მუნდიალის შემდეგ პსჟ-ის საწვრთნელ ბაზაზე დროზე ადრე.
„მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინასთან წაგების შემდეგ, ძალიან გაბრაზებული ვარ. ამას ვერასოდეს გადავიტან. მაგრამ მწვრთნელს და პარტნიორებს ვუთხარი, რომ არ არსებობს მიზეზი, თუ რატომ უნდა დაზარალდეს კლუბი საფრანგეთის ნაკრების შედეგების გამო. ეს ორი განსხვავებული რამ არის.
რატომ დავბრუნდი ადრე? იდეა მარტივი გახლდათ - მეჩვენებინა ყველასათვის, რაც არ უნდა ხდებოდეს ნაკრებში, პსჟ სხვა ისტორიაა. კვლავაც მზად ვარ დედაქალაქში ყველა პრიზი ჩავიტანო.“ - ციტირებს მბაპეს სიტყვებს Get French Football News.
შეგახსენებთ, რომ ფრანგული ლიგა 1-ის მე-16 ტურში „პარი სენ-ჟერმენმა“ „სტრასბურს“ 2:1 მოუგო. გამარჯვების გოლი მბაპემ გაიტანა 96-ე წუთზე პენალტით.