ფეხბურთი

20:55 | 28.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

AS: ხარისხი/ფასის მიხედვით მამარდაშვილი "ვალენსიას" ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შენაძენია

ცნობილმა ესპანურმა გამოცემა As-მა გიორგი მამარდაშვილის შესახებ წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარი 2022 წელს მის გაზრდილ საბაზრო ღირებულებაზეა. როგორც გამოცემა წერს, გიორგის საოცარი პროგრესი ჰქონდა.

„გიორგი მამარდაშვილი მზარდი ღირებულებაა. ქართველი, რომელსაც „ვალენსიასთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, Transfermarkt-ის მონაცემებით, 2022 წელს მეკარეებში შორის ყველაზე მეტად გაძვირდა. მამარდაშვილის ღირებულება ბოლო 12 თვეში 73.3%-ით გაიზარდა. 2021 წლის 30 დეკემბერს, მისი საბაზრო ღირებულება 3 მილიონი ევრო იყო, ახლა კი 25 მილიონია.

მსოფლიოში არცერთი სხვა მეკარის ფასი ისე არ გაზრდილა 2022 წელს, როგორც „ვალენსიას“ ფეხბურთელის. მასთან ყველაზე ახლოს ესპანელი რობერტო სანჩესი (მისი ფასი 21 მილიონით გაიზარდა) და პორტუგალიელი დიოგო კოშტა (19 მილიონით) არიან. გარდა ამისა, 25 მილიონის ღირებულებით მამარდაშვილი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეებს შორისაა.

ქართველს „ვალენსიას“ ისტორიაში ხარისხი/ფასის მიხედვით ერთ-ერთ საუკეთესო შენაძენს უწოდებენ. ის მეკარეებს შორის მსოფლიოს მასშტაბით მე-13 ადგილზეა და რეიტინგს ტიბო კურტუა ლიდერობს, რომელიც 60 მილიონი ევრო ღირს. მამარდაშვილი კი ჯერ მხოლოდ 22 წლისაა და ვინც მას სიაში უსწრებს, მათ შორის ყველაზე ახალგაზრდაა.

ლა ლიგაში გიორგი სიძვირით მეოთხე მეკარეა. ასევე 25 მილიონი ღირს ესპანეთის ნაკრების მეკარე უნაი სიმონო და მხოლოდ ზემოხსენებული ტიბო კურტუა, იან ობლაკი (40 მილიონი) და მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (30) უსწრებენ“, - წერს გავლენიანი გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში 14 მატჩი ჩაატარა და 15 გოლი გაუშვა. „ვალენსია“ ლა ლიგის უახლოეს ტურში 31 დეკემბერს, სტუმრად „ვილიარეალს“ დაუპირისპირდება.

0.118449