ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა არიგო საკიმ „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამხანაგური მატჩების წაგება საგანგაშოა. საკი ფიქრობს, რომ „ნაპოლის“ ფეხბურთელები გამარჯვებას მიჩვეული არ არიან, რაც შეიძლება პრობლემა იყოს.
„ნაპოლის“ ამხანაგური მატჩების უარყოფითი შედეგები შეშფოთების საფუძველს იძლევა. ეს ის ნიშნებია, რომლებიც არ უნდა გამოგვრჩეს. სპალეტის მოთამაშეებს არ აქვთ გამარჯვების გამოცდილება, გამარჯვებას მიჩვეული არ არიან. არ მინდა ვიფიქრო, რომ მათ სეზონის პირველი ნაწილის შემდეგ დაისვენეს და იგრძნეს, რომ უკვე ფინიშამდე მიაღწიეს. სეზონი „ნაპოლის“ ჯადოსნური მომენტის პერიოდში გაჩერდა, გუნდი პაუზამდე მართლაც მშვენივრად მუშაობდა და პირველ რიგში მოხიბლული ვიყავი მათი გუნდური თამაშით.
სპალეტის აქვს სიტუაციის მართვის გამოცდილება და უნარი, მაგრამ სეზონის განახლების პირველივე მატჩში ძალიან სერიოზული გამოცდა ელოდებათ „სან სიროზე“ „ინტერთან“. ამ შეხვედრაში გაირკვევა, იყო თუ არა ამხანაგურ მატჩებში მარცხი შემთხვევითობა. „ინტერი“ სახლში ითამაშებს, უფრო გამოცდილია და გამარჯვება სჭირდება. „ნაპოლი“ ამ თამაშს ზედაპირულად არ უნდა მიუდგეს“, - თქვა საკიმ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს 15 ტურის შემდეგ 41 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ „მილანს“ 8 ქულით უსწრებს, ხოლო „ინტერს“ სტუმრად 4 იანვარს დაუპირისპირდება.