იერუსალიმის მასტერსის ბოლო საშეჯიბრო დღეს ტატამიზე 7 ქართველი ძიუდოისტი გავიდა და მედლის შანსს 3 ინარჩუნებს. ილია სულამანიძე ოქროს მედლისთვის იბრძვის, ხოლო ბექა ღვინიაშვილი და ლუკა მაისურაძე ბრინჯაოს შანსს ინარჩუნებენ.
90 კგ წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძემ თურქი მიჰაელ ზგანკი, სერბი ნემანია მაიდოვი და ისრაელის წარმომადგენელი გუი გურევიტჩი დაამარცხა. თუმცა, ქართველმა ნახევარფინალში ფრანგ ალექსის მატიეუსთან წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის უზბეკ დავლათ ბობონოვს შეხვდება.
ამავე წონაში ბექა ღვინიაშვილმა ბერძენი თეოდოროს ცელიდის და ნიდერლანდელი იესპერ სმინკი დაამარცხა, მაგრამ მეოთხედფინალში ფრანგ ალექსის მატიეუსთან წააგო და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც მასპინძელ გუი გურევიტჩთან, რომელსაც აჯობა და ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ბრაზილიელ რაფაელ მასედოს დაუპირისპირდება.
100 კგ წონით კატეგორიაში ილია სულამანიძემ უნგრელი შომბორ ვეგი, აზერბაიჯანელი ელმარ გასიმოვი და მასპინძელი პეტერ პალჩიკი დაამარცხა, შედეგად ნახევარფინალში გავიდა, სადაც არაბეთის გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელ ჯაფარ კოსტოევს შეხვდა და დაამარცხა. სულამანიძე ფინალში ნიდერლანდელ სიმეონ კატარინას გაეჯიბრება.
ამავე წონაში უმედლოდ დაასრულეს გამოსვლა ონისე სანებლიძემ, გიორგი ბერიაშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა. სანებლიძემ პირველივე შეხვედრა წააგო უზბეკ მუზაფარბეკ ტურობოიევთან, ისევე, როგორც ბერიაშვილმა, რომელიც იტალიელ ჯენარო პირელისთან დამარცხდა. ლიპარტელიანმა კი საწყისი შეხვედრა ბრაზილიელ რაფაელ ბუზაკარინის მოუგო, მაგრამ მეორე წრეში კანადელ კაილი რეიესთან მარცხი განიცადა და რეპეშაჟშიც ვერ გადავიდა.
ქალთა შორის +78 კგ წონით კატეგორიაში სოფიო სომხიშვილმა პორტუგალიელი როშელ ნუნიეში დაამარცხა, მაგრამ შემდეგ ფრანგ რომან დიკოსთან წააგო და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც კიდევ ერთ ფრანგ ლეა ფონტენს ვერ გაუმკლავდა და მედლის შანსი დაკარგა.
შეგახსენებთ, რომ იერუსალიმის მასტერსზე საქართველოს აქტივში 1 ოქროს მედალია, რომელიც ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა.