კალათბურთი

1:59 | 22.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის გუნდი მომდევნო ეტაპზეა, ბურჯანაძის "რეჯანა" გავარდა, მაკფადენი საუკეთესო იყო

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის პირველ ჯგუფურ ეტაპზე ბოლო ტურის მატჩები გაიმართა. A ჯგუფში თად მაკფადენისა და რატი ანდრონიკაშვილის „მურსიამ“ სტუმრად „ტოფასი“ 87:77 დაამარცხა.

ესპანური გუნდის რიგებში საუკეთესო მაკფადენი იყო. საქართველოს ნაკრების წევრმა 26 წუთში 24 ქულა, 1 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. მან 3-დან 2 ორქულიანი, 9-დან 5 სამქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 23 გამოდგა. რატი ანდრონიკაშვილმა მოედანზე 5 წუთი გაატარა, ხსენებულ დროში კი 1 მოხსნა დააგროვა.

„მურსიამ“ 4 მოგებით და 2 წაგებით ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და მეორე ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას პლეი-ოფიდან ეცდება.

B ჯგუფში ბექა ბურჯანაძის „რეჯანამ“ „ბონს“ უმასპინძლა და 66:90 დამარცხდა, რის შედეგადაც, ჯგუფში ჩარჩა. გადამწყვეტი მეოთხე პერიოდი იყო, რომელიც იტალიელებმა 11:27 წააგეს და საბოლოოდ, მარცხი განიცადეს.

ბურჯანაძემ 18:44 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი 3 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა. ბექამ 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, 1 ორქულიანი კი ააცილა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 5-ს გაუტოლდა. „რეჯანა“ 2 მოგებით და 4 წაგებით ჯგუფში ჩარჩა და ბოლო ადგილი დაიკავა.

H ჯგუფში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“ ვილნიუსის „რიტასთან“ 85:78 დამარცხდა. ესპანურ გუნდს ჯგუფში პირველი ადგილი უკვე განაღდებული ჰქონდა და ამ შეხვედრაში მარცხით არაფერი შეცვლილა.

შერმადინმა აღნიშნულ შეხვედრაში მხოლოდ 11 წუთი ითამაშა, მაგრამ საკუთარ გუნდს 8 ქულა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მაინც შესძინა. გიორგიმ 4-დან 2 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 9-ს გაუტოლდა.

„ლენოვო ტენერიფემ“ ჯგუფში 4 მოგებით და 2 წაგებით პირველი ადგილი დაიკავა და მეორე ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

0.116758