არგენტინის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ბუენოს აირესში დაბრუნდა და აეროპორტიდან ფეხბურთის ფედერაციაში გუნდი ღია ავტობუსით წავიდა, გზაში კი მათ ათასობით გულშემატკივარი დახვდათ.
სწორედ ღია ავტობუსზე ყოფნისას კინაღამ ტრაგედია დატრიალდა. ლიონელ მესი, ანხელ დი მარია, ლეანდრო პარედესი, როდრიგო დე პაული და ნიკოლას ოტამენდი ავტობუსის შემაღლებულ ნაწილში ისხდნენ, რა დროსაც ლამის ელექტრო კაბელებს გამოედნენ, რაც შეიძლებოდა ფატალურადაც კი დასრულებულიყო.
საბედნიეროდ, ფეხბურთელებმა დროულად შენიშნეს კაბელები და სწრაფი რეაქციის წყალობით თავის დახრა მოასწრეს. ყველაზე მეტად მაინც პარედესი დაზარალდა, რომელსაც ქუდი ეხურა, რაც კაბელს გამოედო და „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ქუდი დაკარგა.
შეგახსენებთ, რომ არგენტინაში საჩემპიონო აღლუმი მთელი ბუენოს აირესის მასშტაბით დღესაა დაგეგმილი.