დღეს ინგლისის რაგბის კავშირმა დაადასტურა, რომ თანამდებობიდან გათავისუფლებულ ედი ჯონსს მთავარი მწვრთნელის პოსტზე სტივ ბორთვიკი ჩაანაცვლებს.
მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე 9 თვით ადრე ინგლისის ნაკრებს ახალი თავკაცი ჰყავს. იმედგამაცრუებელი 2022 წლის შემდეგ ედი ჯონსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, მას კი ყოფილი მორაგბე, სტივ ბორთვიკი შეცვლის, რომელიც იქამდე ჯონსის ასისტენტად მუშაობდა.
,,ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელობა და მუშაობის დაწყებას მოუთმენლად ველი. ინგლისური რაგბი სავსეა ნიჭით და მე მინდა ისეთი გუნდი შევქმნა, რომელიც ჩვენს უდიდეს პოტენციალს ბოლომდე გამოამჟღავნებს და ახალგაზრდებს შთააგონებს რაგბის თამაშის დაწყებას. მინდა, მთელი ქვეყანა ჩვენით ამაყობდეს და სიამოვნებას იღებდეს" - განაცხადა ბორთვიკმა.
სტივ ბორთვიკმა 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და ის 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე იმუშავებს. მისი სარაგბო კარიერა ორ გუნდს, ,,ბათს" და ,,სარასენსს" მოიცავს, ინგლისის ნაკრებში კი მას 57 შეხვედრაში მიუღია მონაწილეობა.