სხვა

22:16 | 18.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

მელბურნის მოკლე აუზში მსოფლიოს კიდევ სამი რეკორდი დამყარდა

მელბურნში მიმდინარე მოკლე აუზის მსოფლიო ჩემპიონატზე, მსოფლიოს კიდევ სამი რეკორდი დამყარდა. კანადელმა მეგი მაკნილმა 100 მეტრზე ბატერფლაიში, მსოფლიოს ახალი რეკორდი დააფიქსირა. ქალთა შორის 4x100 შერეული სტილით ესტაფეტაში, რეკორდული დროით აშშ-ის ნაკრებმა გაიმარჯვა, ბოლოს კი 4x100 შერეული სტილით ესტაფეტაში, რეკორდი ერთდროულად ორმა გუნდმა - აშშ-მა და ავსტრალიამ გააუმჯობესა.

მელბურნში კიდევ ერთი მიღწევა დაფიქსირდა. ავსტრალიელმა კეილი მაკკიუნმა 200 მეტრზე გულაღმა ცურვაში გაიმარჯვა და გახდა პირველი ქალი მოცურავე, ვინც მსოფლიო ჩემპიონია მოკლე და გრძელ აუზში, ასევე არის ოლიმპიური და თანამეგობრობის თამაშების ჩემპიონი.

მეგი მაკნილმა 25-მეტრიან აუზში ორი წრე 54.05 წამში გაცურა და ნახევარ წამზე მეტით გააუმჯობესა ძველი რეკორდი, რომელიც ამერიკელ კელსი დალიას ჰქონდა დამყარებული. მაკნილმა უფრო ადრე, 50 მეტრზე გულაღმა ცურვაში, თავისივე ძველი რეკორდი გააუმჯობესა.

ლიეტუველი რუტა მეილუტიტე, ვინც ნახევარფინალში მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა, ფინალშიც ყველაზე სწრაფი იყო.

ამერიკელებმა - კლერ კურცანმა, ლილი კინგმა, ტორი ჰუსკემ და კეიტ დაგლასმა, 4x100 შერეული სტილით ესტაფეტაში ფინიშს 3 წუთსა და 44.35 წამში მიაღწის და მათივე ძველი რეკორდი გააუმჯობესეს. მათ უკან მოიტოვეს ავსტრალია და კანადა.

იმავე სახეობასა და დისტანციაზე, ავსტრალიელთა და ამერიკელთა კვარტეტებმა ერთნაირი შედეგი დააფიქსირეს. ისინი ფინიშის კედელს ერთდროულად, 3 წუთსა და 18.98 წამში შეეხნენ და გააუმჯობესეს ძველი რეკორდი, რომელიც 2009 წელს იყო დამყარებული.

ექვსდღიან მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე მეტი, 17 ოქროს მედალი ამერიკელებმა მოიპოვეს. მათსავე მონაგარშია 13 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედალი. ავსტრალიამ 13 ოქრო, 8 ვერცხლი და 5 ბრინჯაო მოიპოვა.

0.120653