ესპანეთის ლიგა ენდესას მე-12 ტურში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა და 67:80 დამარცხდა, რის შედეგადაც სატურნირო ცხრილში ლიდერობა დაკარგა.
მატჩის ბედი მეოთხე პერიოდმა გადაწყვიტა, რომელიც მადრიდელებმა 30:22 მოიგეს და თამაშშიც გამარჯვება მოიპოვეს.
გიორგი შერმადინმა 23:29 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი 10 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 6-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 11-ს გაუტოლდა.
„ლენოვო ტენერიფე“ 9 მოგებით და 3 წაგებით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 29 დეკემბერს, „გრანადას“ უმასპინძლებს.