რაგბი

19:34 | 17.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

შარიქაძე: "ჰითის" ბინძური თამაში ახასიათებს, იმედია, მომავალში არასპორტული ფაქტები ნაკლები იქნება"

„შავი ლომი“ რაგბი ევროპის სუპერთასს ზედიზედ მეორედ დაეუფლა, დაამარცხა რა ფინალში „თელ ავივ ჰითი“ - 29:17. მატჩის შემდეგ მერაბ შარიქაძემ და ლევან მაისაშვილმა თამაში შეაფასეს.

„ვფიქრობ, რომ 2022 წელი ერთ-ერთი საუკეთესო წელია ქართული რაგბისთვის, ნაკრებიდან დაწყებული, „შავი ლომით“ დამთავრებული. ძალიან დასამახსოვრებელი თამაშები მოვიგეთ და იმედი მაქვს, რომ წინ უფრო წარმატებული წლები იქნება. ეს გამარჯვება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპული იყო. პირველი ტაიმი ძალიან მაგრად ვითამაშეთ, მეორე ტაიმში მეტოქემ შეძლო უპირატესობის მოპოვება, მაგრამ 12 ქულით მაინც მოვიგეთ, რაც, ჩახედულმა ადამიანმა იცის, რომ ფინალში ძალიან რთულია. ვულოცავ ქართული რაგბის გულშემატკივარს ამ გამარჯვებას.

სამწუხაროდ, „თელ ავივ ჰითის“ ახასიათებს საკმაოდ ბინძური და არასპორტული თამაში, ისეთი როგორიცაა გინება, პროვოკაციები და ა.შ. ხანდახან ძნელია, რომ არ აჰყვე ასეთ პროვოკაციებს, მაგრამ მათი მიზანიც ეს არის. თუმცა, ბედნიერი ვარ, რომ მოვიგეთ და იმედი მაქვს, რომ ასეთი არასპორტული ფაქტები ნაკლები იქნება სპორტში.

გულშემატკივარს შეუძლია ეს გამარჯვება თავიანთ დამსახურებულად ჩათვალონ. უფრო მეტი ხალხი რომ ყოფილიყო სტადიონზე 30 ქულით მოვიგებდით, მაგრამ რამდენიც იყვნენ, იმდენი ქულით მოვიგეთ (იღიმის - რედ)“, - თქვა შარიქაძემ.

„თამაში ძალიან კარგად დავიწყეთ, უპირატესობა თავიდანვე მოვიპოვეთ. მეორე ტაიმიც კარგად დავიწყეთ და თამაშის ბედი თითქმის გადავწყვიტეთ, მაგრამ შემდეგ ცოტა მოვეშვით და „ჰითი“ თამაშში დაბრუნდა, რაც გასაგებია, ფინალი იყო, მათ ძალიან კარგი მოთამაშეები ჰყავთ და გასაკვირი არაფერია. მთავარია, რომ მოვიგეთ, ვულოცავ ყველას ამ გამარჯვებას“, - თქვა მაისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „შავი ლომი“ რაგბი ევროპის სუპერთასის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115213