არგენტინა პირველი ფინალისტია. „ალბისელესტემ“ მიმდინარე მუნდიალზე ნამდვილად საუკეთესო თამაში ჩაატარა და ხორვატიის ნაკრებს უბრალოდ შანსი არ დაუტოვა.
ნახევარი საათის განმავლობაში თანაბარი თამაში იყო, არცერთ გუნდს საგოლე მომენტი არ შეუქმნია, მაგრამ მერე ერთმა მომენტმა ყველაფერი შეცვალა - ხორვატიის ნაკრების დაცვა 33-ე წუთზე ჩავარდა და ხულიან ალვარესი მეკარესთან პირისპირ დარჩა, დაარტყა კიდეც და მცველმა ბალკანელები გადაარჩინა, მაგრამ დომინიკ ლივაკოვიჩი ალვარესს დაეჯახა და დანიელე ორსატომ პენალტი დანიშნა, რომელიც ლიონელ მესიმ გოლად აქცია და ანგარიში გახსნა.
„მანჩესტერ სიტის“ ფორვარდი მოედანზე უდავოდ საუკეთესო იყო. მოპოვებული პენალტიდან 5 წუთში შედევრი შექმნა და ხორვატიის ნაკრების დაცვის ხაზი კიდევ ერთხელ გაარღვია - გოლიც დამსახურებულად გაიტანა. ტაიმი ასე დასრულდა და ფაქტ იყო, რომ მატჩის ბედი გადაწყდა.
მეორე ტაიმი სრული ფორმალობა გამოდგა, ხორვატიის ნაკრებს უბრალოდ არ შესწევდა უნარი, რომ ძალიან მოტივირებული არგენტინისთვის პრობლემები შეექმნა და ლოგიკურიც იყო, რომ კიდევ გაუშვა. გოლი ისევ ალვარესმა გაიტანა და თამაში პირად ბენეფისადაც აქცია.
არგენტინის ნაკრები ისევ ფინალშია, ისტორიაში მეექვსედ და მესამე ტიტულთან ძალიან ახლოსაა. ფინალში კი მეტოქეს დაელოდება, რომელიც საფრანგეთის ან მაროკოს ნაკრები იქნება.
არგენტინა - ხორვატია 3:0 (2:0)
ლუსაილი, „ლუსაილ სთედიუმი“
არგენტინა (4-4-2): ე. მარტინესი; მოლინა (ფოიტი 86), რომერო, ოტამენდი, ტალიაფიკო; დე პაული (პალასიოსი 74), პარედესი (ლ. მარტინესი 62), ფერნანდესი, მაკალისტერი (კორეა 86); მესი, ალვარესი (დიბალა 74)
მწვრთნელი: ლიონელ სკალონი
ხორვატია (4-3-3): ლივაკოვიჩი; იურანოვიჩი, ლოვრენი, გვარდიოლი, სოსა (ორშიჩი 46); მოდრიჩი (მაიერი 81), ბროზოვიჩი (პეტკოვიჩი 50), კოვაჩიჩი; პაშალიჩი (ვლაშიჩი 46), კრამარიჩი (ლივაია 72), პერიშიჩი
მწვრთნელი: ზლატკო დალიჩი
გოლები: 1:0 მესი (34, პენ), 2:0 ალვარესი (39), 3:0 ალვარესი (69)
გაფრთხილება: რომერო (68), ოტამენდი (71) - ლივაკოვიჩი (32), კოვაჩიჩი (32)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 10 (7) – 12 (2) ბურთის ფლობა: 39%-61% კუთხურები: 2:4 თამაშგარე: 1:0
მსაჯი: დანიელე ორსატო (იტალია)