ავტოსპორტი

22:33 | 13.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ფერარის“ ახალი შეფი ფრედერიკ ვასერი გახდა

მას შემდეგ, რაც „ფერარის“ ფორმულა 1-ის გუნდის შეფის პოსტი მატია ბინოტომ დატოვა, სხვა გუნდებშიც გადაადგილებები მოხდა. კერძოდ, „ალფა რომეო“ (ზაუბერი) მისმა შეფმა ფრედერიკ ვასერმა დატოვა, ვინც მარანელოელთა გუნდს ჩაუდგება სათავეში. ვასერს კი „ზაუბერში“ ანდრეას ზაიდლი შეცვლის, ვინც აქამდე „მაკლარენს“ ხელმძღვანელობდა.

თავის მხრივ, „მაკლარენს“ ამიერიდან ანდრეა სტელა გაუძღვება, ვინც უოკინგში ზაიდლთან ერთად მივიდა. ის „ფერარის“ ყოფილი ინჟინერია და ამ გუნდში, მიხაელ შუმახერის ეპოქაში მუშაობდა. ახალი ხელმძღვანელი ეყოლება „უილიამსსაც“, რომელიც ახლახანს ჯოსტ კაპიტომ დატოვა.

„ალფა რომეო“ და „ზაუბერი“ თანამშრომლობას 2023 წლის სეზონის შემდეგ დაასრულებენ. შვეიცარიული საჯინიბო მალე „აუდის“ პარტნიორი გახდება და ამისთვის სამზადისს მომავალი სეზონის შემდეგვე დაიწყებს. სხვათა შორის, ზაიდლი ერთხანს სწორედ „ზაუბერში“ მუშაობდა, შემდეგ კი „აუდის“ ნათესავი „პორშეს“ გამძლეობაზე რბოლების კამპანიის შეფი გახდა.

„ფერარის“ განცხადებით, ვასერი გუნდის შეფის თანამდებობას 9 იანვრიდან დაიკავებს. 54 წლის ვასერი ბოლო ათწლეულში „ფერარის“ მეხუთე ხელმძღვანელი გახდება. შედარებისთვის, კონკურენტ „რედ ბულს“ კრისტიან ჰორნერი 2005 წლიდან უძღვება, ტოტო ვოლფი კი „მერსედესის“ შეფი 2013 წლიდანაა.

„ფერარის“ ისტორიაში ყველაზე კარგი პერიოდი მაშინ ჰქონდა, როდესაც გუნდს ფრანგი ჟან ტოდტი ხელმძღვანელობდა (1993-2007 წლებში).

ვასერი და ნიკოლას ტოდტი, ჟან ტოდტის შვილი, ვინც შარლ ლეკლერის მენეჯერია, ერთობლივად ფლობენ იუნიორთა სერიაში მონაწილე გუნდ „ART რეისინგს“.

0.118697