მაროკოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვალიდ რეგრაგიმ საფრანგეთის ნაკრებთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, ის ნახევარფინალში გასვლას წარმატებად არ მიიჩნევს და ფინალში გასვლა უნდა.
„რაც უფრო წინ მივიწევთ, მით უფრო რთულდება მატჩები. მსოფლიოს ჩემპიონთან ვითამაშეთ, რომელსაც საუკეთესო მწვრთნელი ჰყავს. თუმცა, ჩვენც გვაქვს დიდი ამბიცია, რომ სიურპრიზი მოვაწყოთ და გავაკეთოთ ის, რაც ვიცით.
ჰაკიმი მბაპეს ჩემზე უკეთ იცნობს. არ ვაპირებთ მბაპეს წინააღმდეგ გეგმის შედგენას. ჰაკიმი დიდი ჩემპიონია, ერთ-ერთი საუკეთესო თავის პოზიციაზე, მასთან ერთად ვარჯიშობს ყოველდღე და ამიტომ, ამაზე არ ვნერვიულობ. აქ იმისთვის ვართ, რომ ჩვენი კონტინენტის მენტალიტეტი შევცვალოთ. ნახევარფინალში ვართ, მაგრამ ფინალში გასვლაც გვინდა. ბევრი ტრავმირებულია გუნდში, მაგრამ მაღალი დონის სამედიცინო პერსონალი გვყავს და აღდგენა კარგად მიმდინარეობს.
ჩვენს ძალებში დარწმუნებული ვართ და ისე ვაპირებთ თამაშს, როგორც ვიცით. ორმაგი მოქალაქეობა მაქვს, საფრანგეთში დავიბადე და ჩემთვის იქ თამაში პატივი და სიამოვნება იყო, მაგრამ ეს ფეხბურთია. საფრანგეთთან, ბრაზილიასთან და ა.შ. მხოლოდ გამარჯვება მინდა. ფინალში გასვლა და გამარჯვება გვინდა, ამ მიზნის მისაღწევად მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ. ნახევარფინალში გასვლით არ უნდა დავკმაყოფილდეთ.
გვინდა გავიმარჯვოთ აფრიკისთვის, ყველასთვის, ვინც ამაზე ყოველთვის ოცნებობდა. ბევრი წარმატებად მიიჩნევს ნახევარფინალს, მაგრამ მე არ ვეთანხმები. რატომ არ უნდა გავიდეთ ფინალში? არ გვინდა მომდევნო შანსს კიდევ 40 წელი ველოდოთ. მშივრები ვართ და არ დავღლილვართ“, - თქვა რეგრაგიმ.
შეგახსენებთ, რომ მაროკოსა და საფრანგეთის ნაკრებთა მატჩი 14 დეკემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.