კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 89 კგ. წონით კატეგორიაში რეზი დავითაძემ ორჭიდის ჯამში 358 კგ. დაძლია და მე-8 ადგილი დაიკავა.
დავითაძემ ატაცში ასპარეზობისას მხოლოდ პირველი ცდა გამოიყენა, 165 კგ. დააფიქსირა და ამ მაჩვენებლით მან პირველი მოძრაობა მე-7 ადგილზე დაასრულა.
აკვრაში ქართველმა სპორტსმენმა კვლავ მხოლოდ პირველი ცდის გამოყენება მოახერხა, 193 კგ. აჩვენა და მე-13 პოზიცია ერგო.
ორჭიდის ჯამში რეზი დავითაძემ 358 კგ. დაძლია და მე-8 ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ დავითაძეს შეჯიბრზე თავი ტრავმამ შეახსენა, რამაც დიდწილად განაპირობა მისი ასეთი გამოსვლა.
რაც შეეხება გამარჯვებულებს, მთავარი ოქროს მედალი ვენესუელელმა კეიდომარ ვალენილიამ დაისაკუთრა, რომელმაც ორჭიდის ჯამში 385 კგ. დაძლია. მასვე ერგო ატაცის მცირე ოქროც დაფიქსირებული 175 კგ.თი. ვერცხლის მედლის მფლობელი 381 კგ. თი კოლუმბიელი ბრაიან როდალეგასი გახდა, რომელმაც ცალ-ცალკე დისციპლინებში ბრინჯაოს მედლებიც მოიპოვა. დიდი ბრინჯაოს მფლობელი კი ჩინელი ლიუ ჰუანჰუა გახდა, რომელმაც ორჭიდის ჯამში ასევე 381 კგ დააფიქსირა და აკვრის მცირე ვერცხლიც ერგო. აღსანიშნავია, ბულგარელი კარლოს ნასარის გამოსვლაც, რომელმაც ატაცში შედეგი საერთოდ ვერ დააფიქსირა, თუმცა აკვრაში ოქროს მედლის მოპოვება მოახერხა.
დღეს ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს სახელით 96 კგ. წონით კატეგორიაში ირაკლი გობეჯიშვილი იასპარეზებს. ქართველი ძალოსანი B ჯგუფში გამოვა და მისი ასპარეზობა 23:00 საათზე დაიწყება.