მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა, საფრანგეთის ნაკრებმა, ყატარის მუნდიალის მეოთხედფინალში, ურთულეს მატჩში 2:1 დაამარცხა ინგლისის ეროვნული გუნდი და ნახევარფინალში სენსაციურ მაროკოს დაუპირისპირდება.
ტურნირის ორი ფავორიტის შეხვედრა ისე წარიმართა, როგორც მოსალოდნელი იყო. ოდინდელი მეტოქეები ერთმანეთს არაფერს უთმობდნენ, დაძაბულობა ზღვარს სცილდებოდა. თუმცა მოპაექრენი ძალიან ფრთხილობდნენ. ცხადი იყო, ერთი შეცდომა ყველაფერს შეცვლიდა.
თითქოს თანაბარი თამაში მიდიოდა, მაგრამ მოულოდნელად მე-17 წუთზე ფრანგები დაწინაურდნენ. მადრიდის „რეალის“ 22 წლის ნახევარმცველმა, ორელიენ ჩუამენიმ, შორიდან ზუსტად დაარტყა მეტოქის კარის მარცხენა დაბალ კუთხეში. ეფექტური გოლი გამოვიდა, თუმცა ამ ეპიზოდში ბრიტანელთა დაცვამაც ვერ ივარგა. იმიტომ იყო რომ, ინგლისელთა მეკარე, პიკფორდი მცველებს ემოციურად წაეჩხუბა.
შემდეგ თამაში გარეთ საუთგეიტის შეგირდების უპირატესობით გაგრძელდა. აქტიურები იყვნენ საკა და კეინი, მაგრამ გოლამდე საქმე არ მისულა.
ყველაზე რეალური მომენტი ინგლისელებს 25-ე წუთზე შეექმნათ, როცა კეინი საჯარიმოს ხაზთან (თუ საჯარიმოში) წააქციეს, მაგრამ ვარ-მა პენალტი არ დააფიქსირა.
მეორე ტაიმი ინგლისელთა შეტევებით დაიწყო, ბილინგემს შეეძლო გატანა, მაგრამ ლორისმა ურთულესი ბურთი მოიგერია. მალევე ინგლისელებმა მაინც გაათანაბრეს - ჩუამენიმ სჯარიმოში საკა წააქცია და კეინმა ზუსტად დაარტყა პენალტი.
საერთოდ, მეორე ტაიმში ინგლისელები უკეთ გამოიყურებოდნენ, მაგრამ ისევ ფრანგებმა გაიტანეს - ოლვიე ჟირუმ ფანტასტიკური თავური დაარტყა - 1:2.
მალევე ინგლისელებს მიეცათ გათანაბრების საშუალება. ერნანდესმა საჯარიმოში მაუნტი წააქცია და ისევ თერთმეტმეტიანი დაინიშნა. ნიშნულთან კვლავ კეინი მივიდა, მაგრამ ამჯერად ნერვენბა უმტყუნა, ბურთი კარს ზემოდან დიდი მანძილით გადააცილა...
საბოლოოდ, ფრანგებმა მაინც იძალეს და დამსახურებულად გავიდნენ ნახევარფინალში. გარეთ საუთგეიტის შეგირდებს კი ცდა არ დაუკლიათ, მაგრამ შეტევებისას აშკარად აკლდათ კრეატივი.
ინგლისი - საფრანგეთი 1:2
ელ-ჰაური. „ელ-ბაითი“
0:1 ჩუამენი (17), 1:1 კეინი (54 პენ), 1:2 ჟირუ (78)
ინგლისი: პიკფორდი, უოკერი, სტოუნზი (გრილიში 90+8), მაგუაირი, შოუ, რაისი, ჰენდერსონი (მაუნტი 79), ბელინგემი, საკა (სტერლინგი 79), ფოდენი (რაშფორდი 85), კეინი
მწვრთნელი: გარეთ საუთგეიტი
საფრანგეთი: ლორისი, კუნდე, უპამეკანო, ვარანი, ერნანდესი, რაბიო, ჩუამენი, დემბელე (კომანი 81), გრიზმანი, მბაპე, ჟირუ
მწვრთნელი: დიდიე დეშამი
მსაჯი: ვილტონ სამპაიო (ბრაზილია)
გაფრთხელება: გრიზმანი (43), დემბელე (47), ერნანდესი (83); მაგუაირი (89)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 15(7)-8(5), ბურთის ფლობა: 57%-43%, კუთხურები: 5-2, თამაშგარე: 1-2