სხვა

0:27 | 11.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოდერმატი ვალ დიზერის გიგანტურ სლალომში დაუმარცხებელია

შვეიცარიელმა მარკო ოდერმატმა საფრანგეთის ვალ დ’იზერში, სამთო მოთხილამურეთა მსოფლიო თასის გიგანტური სლალომის რბოლა მოიგო. მან წამზე მეტით აჯობა მეორეზე გასულ ავსტრიელ მანუელ ფელერს.

ოდერმატმა ორი ცდის ჯამში, ორი წუთი და 03.62 წამი დააფიქსირა და ფელერს 1.40 წამით მოუგო. მესამეზე სლოვენიელი ზან კრანიეცი გავიდა, ვინც გამარჯვებულს 2.05 წამით ჩამორჩა.

25 წლის ოდერმატისთვის ეს ამ სეზონში უკვე ზედიზედ მეექვსე კვარცხლბეკია, რომლებზეც სამ სხვადასხვა დისციპლინაში გავიდა.

„მე ისევ გავრისკე. მეორე ცდაზე თოვლი გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე პირველზე. ამან რისკზე წასვლას გამაბედინა. შესაძლოა, ეს ჩემთვის ყველა დროის საუკეთესო გამოსვლა იყო“, - განაცხადა შვეიცარიელმა, ვინც პირველი ცდის შემდეგ, მცირე უპირატესობით იგებდა და მეორე ცდაზე ამიტომაც გარისკა.

ამ მოგების შემდეგ, მას აბსოლუტურ ჩათვლაში 520 ქულა დაუგროვდა. 140 ქულით ნაკლები აქვს მეორეზე მყოფ ნორვეგიელ ალეკსანდრ ომოდტ კილდეს, ვინც ვალ დ’იზერის ტექნიკურ სახეობებში (გიგანტური სლალომი და სლალომი) არ ასპარეზობს.

კვირას ვალ დ’იზერშივე, მსოფლიო თასის სლალომის რბოლა ჩატარდება.

0.121265