ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა არგენტინასთან მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ფეხბურთელები პენალტების შესრულებაზე მთელი წელი ვარჯიშობდნენ, მაგრამ ამან მაინც არ იმუშავა.
„მთელი წელი პენალტებზე ვვარჯიშობდით, მაგრამ საბოლოოდ, მაინც შეცდომა დავუშვით. ფეხბურთელებს კლუბებშიც პენალტებზე ვარჯიში ვთხოვე და ეს გააკეთეს, მაგრამ თუ პირველ-ორ პენალტს ვერ გაიტან, მაშინ მოგება შეუძლებელი იქნება.
ვფიქრობ, ძირითად დროში ჩვენს კარში დანიშნული პენალტი საეჭვო იყო, ერთხელ გადახედვას იმსახურებდა, მაგრამ მსაჯის გამო არ დავმარცხებულვართ“, - თქვა ვან გაალმა.
აღსანიშნავია, რომ ლუის ვან გაალს მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში არასდროს წაუგია, პენალტების სერიას თუ არ ჩავთვლით. მან 2014 წლის და მიმდინარე მუნდიალიც დაუმარცხებელმა დატოვა. მთლიანობაში ვან გაალს მსოფლიოს ჩემპიონატზე 12 წაუგებელი თამაში აქვს და ლუიშ ფელიპე სკოლარის რეკორდი გაიმეორა, თუმცა სკოლარიმ 2014 წელს მე-13 და მე-14 მატჩი წააგო.
ვან გაალი ნიდერლანდების ნაკრებს დატოვებს და მას რონალდ კუმანი შეცვლის.