ფეხბურთი

20:35 | 9.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკი: "მსოფლიოს ჩემპიონატზე ფულის გამო არ გვითამაშია"

პოლონეთის ნაკრების კაპიტანმა რობერტ ლევანდოვსკიმ კომენტარი გააკეთა იმის შესახებ, რომ პოლონეთის ხელისუფლება ფეხბურთელებს მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშისთვის ფულად პრემიებს გადაუხდიდა. როგორც ლევანდოვსკიმ აღნიშნა, პოლონელ ფეხბურთელებს მუნდიალზე ფულის გამო არ უთამაშიათ.

„არაფერს ველოდებით, არასდროს არაფერს ვითხოვდით და არც ფულს. ცხადია, უმჯობესია ამ თემაზე საერთოდ არ ვისაუბროთ, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატზე ფულისთვის არ წავსულვართ. პირველ რიგში ეროვნული ნაკრები, ფეხბურთი და სიამაყეა, რის გამოც მუნდიალზე ვითამაშეთ.

პრემიერთან შეხვედრა აეროპორტში გამგზავრებამდე რამდენიმე წუთი შედგა და ჩვეულებრივი საუბარი იყო. იქ გააკეთა პრემიერმა განცხადება, მაგრამ მართალი გითხრათ, ფეხბურთელებს ეს სერიოზულად არ მიგვიღია. არასოდეს ყოფილა მსჯელობა იმაზე, თუ საიდან შეიძლება მოდიოდეს ეს ბონუსი, რა სახსრებიდან, ჩვენთვის ეს უფრო ვირტუალური ფული იყო. როგორც მივხვდი, ფულადი პრემიები არ იქნება და ძალიან კარგი, ვეთანხმები ამ გადაწყვეტილებას. ჩემთვის სპორტი და ფეხბურთი გატაცებაა, ცხოვრების გზამკვლევი. ვშიშობ, რომ რაც უფრო მეტად აირევა სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთში, მით უფრო მეტი ახალგაზრდა სპორტს თავს აარიდებს. პრემიებთან დაკავშირებული სკანდალი უფრო სწორედ ამ მდგომარეობის შედეგია, ვიდრე რეალური მიზეზი“, - თქვა ლევანდოვსკიმ.

შეგახსენებთ, პოლონურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პოლონეთის პრემიერმინისტრი მატეუშ მურავეცკი ფეხბურთელებს ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში მინიმუმ 30 მილიონ ზლოტს დაჰპირდა, რაც ბევრ გულშემატკივარს არ მოეწონა. საბოლოოდ, თანხა ბავშვთა და ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების ფონდში გადაირიცხება.

0.112574