ფეხბურთი

16:30 | 9.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

მატჩი, რომელიც ფინალსაც დაამშვენებდა

მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპი ცენტრალური და ალბათ ყველაზე საინტერესო მატჩით დასრულდება, რომელშიც ტურნირის ფავორიტები ინგლისი და საფრანგეთი შეხვდებიან.

ინგლისის ნაკრებმა ჯგუფიც იოლად მოიგო და მერვედფინალში სენეგალსაც მარტივად აჯობა. გარეთ საუთგეიტის გუნდმა 4 მატჩში 12 გოლი გაიტანა და მხოლოდ 2 გაუშვა, ისიც პირველ ტურში. ასე რომ, „სამი ლომის“ ამბიცია სრულიად საფუძვლიანია. მეორეს მხრივ, საფრანგეთის ნაკრები მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონია, ძალიან სოლიდური გუნდია და რაც მთავარია, ბრწყინვალე ფორმაში მყოფი კილიან მბაპე ჰყავს.

მიუხედავად უდიდესი ტრადიციებისა, ინგლისი და საფრანგეთი მსოფლიოს ჩემპიონატზე მხოლოდ მესამედ დაუპირისპირდებიან და პირველად პლეი-ოფის სტადიაზე.

გუნდების ძირითად შემადგენლობაში ცვლილებები მოსალოდნელი არაა და სავარაუდოდ, იმავე 11-ეულით ითამაშებენ, რითაც მერვედფინალში სენეგალი და პოლონეთი დაამარცხეს. ორივემ ეს ბარიერი იოლად დაძლია და მწვრთნელებს ცვლილებების საფუძველი არც აქვთ.

ორივე გუნდი შეხვედრას საბრძოლო შემადგენლობით ხვდება. საფრანგეთის ნაკრებს კარიმ ბენზემა და ლუკას ერნანდესი აკლია, მაგრამ მთელი მუნდიალის განმავლობაში ტრავმირებული არიან, ხოლო ინგლისის ნაკრებს ბენ ვაითი დააკლდება, რომელიც გარეთ საუთგეიტთან კონფლიქტის გამო გუნდს ჩამოშორებულია. ინგლისს უბრუნდება რაჰიმ სტერლინგი, რომელიც სამშობლოში, ოჯახთან იყო, თუმცა, მისი სასტარტოში გამოჩენა მოსალოდნელი არაა.

სტატისტიკა

ინგლისმა ბოლო ორ დიდ საფეხბურთო ფორუმზე კარგად ითამაშა და წარმატებასაც მიაღწია: 2018 წელს მუნდიალზე ოთხეულში მოხვდა, ხოლო 2021 წელს ევროპის ჩემპიონატზე ფინალი წააგო. გარეთ საუთგეიტის გუნდმა მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე 39 გოლი გაიტანა, რაც შესარჩევ ეტაპზე საუკეთესო მაჩვენებელი იყო. „სამი ლომი“ საკვალიფიკაციო ტურნირში არ დამარცხებულა.

საფრანგეთი მუნდიალზე მე-16-ედ თამაშობს და ორჯერ ჩემპიონი გახდა, ერთხელ ფინალი წააგო და ორჯერ მესამე ადგილი დაიკავა. გარდა ამისა, ფრანგები ჯგუფში 6-ჯერ ჩარჩნენ, მათ შორის 2002 და 2010 წლებში.

კილიან მბაპეს მსოფლიოს ჩემპიონატზე 9 გოლი აქვს გატანილი (2018 წელს -4 , 2022 წელს - 5) და 23 წლის ასაკში მსგავსი შედეგიანობით მუნდიალზე არავის უთამაშია.

ინგლისი და საფრანგეთი აქამდე 31-ჯერ შეხვედრიან და უპირატესობა ინგლისელთა მხარესაა - 17 მოგება, 5 ფრე და 9 წაგება.

საფრანგეთმა ინგლისთან ბოლო 8 მატჩიდან მხოლოდ 1 წააგო (5 მოგება, 2 ფრე).

ინგლისი მსოფლიოს ჩემპიონატს გამოეთიშა ბოლო 8 შემთხვევიდან ექვსჯერ ევროპული მეტოქის წინააღმდეგ, ხოლო საფრანგეთმა პირიქით - ბოლო 10 შემთხვევიდან 8-ჯერ პლეი-ოფში ევროპულ ნაკრებთან წარმატებით ითამაშა.

გარეთ საუთგეიტს შანსი აქვს გახდეს ინგლისის ნაკრების პირველი მწვრთნელი, რომელიც გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ზედიზედ ორჯერ გაიყვანს.

ინგლისი ეცდება მუნდიალზე ზედიზედ 3 თამაში მოიგოს 1990 წლის შემდეგ პირველად.

საფრანგეთის ნაკრები დაუმარცხებელია 13 მატჩში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზე, რომელშიც კილიან მბაპე ძირითად შემადგენლობაში იყო (10 მოგება, 3 ფრე).

კონკრეტულად მსოფლიოს ჩემპიონატზე ისინი ერთმანეთს ორჯერ შეხვედრიან, ორჯერვე ჯგუფურ ეტაპზე და ორივე მატჩი ინგლისმა მოიგო - 1966 წელს 2:0, ხოლო 1982 წელს - 3:1.

ბოლო ორი ოფიციალური მატჩი (არა ამხანაგური) ინგლისსა და საფრანგეთს შორის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გაიმართა. 2004 წელს საფრანგეთმა ზინედინ ზიდანის დუბლით 2:1 მოიგო, ხოლო 2012 წელს გუნდებმა ქულები გაიყვეს - 1:1.

სავარაუდო შემადგენლობები

10 დეკემბერი, 23:00 საათი

ალ ხორი, „ალ ბაით სთედიუმი“

ინგლისი (4-3-3): პიკფორდი; უოკერი, სტოუნსი, მაგუაირი, შოუ; ბელინგემი, რაისი, ჰენდერსონი; საკა, კეინი, ფოდენი

საფრანგეთი (4-2-3-1): ლორისი; კუნდე, ვარანი, უპამეკანო, ტ. ერნანდესი; ჩუამენი, რაბიო; დემბელე, გრიზმანი, მბაპე; ჟირუ

0.115558