ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ძალიან კმაყოფილია და ისტორიაში საუკეთესო ჯგუფური ეტაპი მიმდინარე მუნდიალზე ჩატარდა.
„ყველა მატჩი ვნახე: მარტივად და ნათლად რომ ვთქვათ, ეს იყო მსოფლიოს ჩემპიონატის ისტორიაში საუკეთესო ჯგუფური ეტაპი. შესანიშნავი ხარისხის მატჩები, ლამაზი სტადიონები, რაც უკვე ვიცოდით. გულშემატკივრებიც საოცარია, საშუალოდ 51 000-ზე მეტი ქომაგი ესწრება მატჩებს და ტელევიზიითაც სარეკორდო მაყურებელი გვყავს. ორ მილიარდზე მეტი მაყურებელი გვყავდა, რაც მართლაც წარმოუდგენელია. დოჰას ქუჩებში ორი მილიონი ადამიანია და ყველა თავიანთ გუნდებს გულშემატკივრობენ.
ფანტასტიკური ატმოსფერო, შესანიშნავი გოლები, წარმოუდგენელი ემოციები, სიურპრიზები, პატარა გუნდები დიდ გუნდებს ამარცხებენ... სინამდვილეში აღარ არსებობს პატარა და დიდი გუნდები, დონე ძალიან გათანაბრდა. ეს აჩვენებს, რომ ფეხბურთი ნამდვილად გლობალური ხდება.
იმედი ვიქონიოთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი ისე დასრულდება, როგორც დაიწყო - ფანტასტიკურად. დარწმუნებული ვარ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 5 მილიარდ მაყურებელს მივაღწევთ. ბილეთები გაყიდულია, პრაქტიკულად ყველა თამაშზე სტადიონი სავსეა. გვინდა, რომ ხალხს ბედნიერება მივანიჭოთ, სწორედ ეს არის ფეხბურთი და მსოფლიოს ჩემპიონატი. მოედანი სავსეა ტალანტებით და ვარსკვლავებით, რომლის ყურება ყველას სურს“, - აღნიშნა ინფანტინომ.