ფეხბურთი

19:05 | 5.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "მუნდიალზე მაროკო ერთ-ერთი ყველაზე კარგად მომზადებული გუნდია"

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მაროკოსთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მისი გუნდი მეტოქეს ზემოდან არ უყურებს, რადგან მაროკო კარგად მომზადებული გუნდია.

„ჩვენი სათამაშო იდეის შეცვლას არ ვაპირებთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს 90 წუთი დომინირებას, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატზე მაღალი დონის გუნდებს, ფეხბურთელებს და მწვრთნელებს ვეთამაშებით.

ესპანეთის ნაკრებმა მიმდინარე მუნდიალზე ძალიან კარგად ითამაშა, გარდა იაპონიასთან 10-წუთიანი მონაკვეთისა. შედეგზე საერთოდ არ ვნერვიულობ, მჯერა გუნდი კარგად ითამაშებს და თუ ყველაფერს სწორად გავაკეთებთ, გამარჯვება შესაძლებელი იქნება. მაროკო მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთ-ერთი ყველაზე კარგად მომზადებული გუნდია. თუ ვინმე მაროკოს ზემოდან უყურებს, ეს ესპანეთის ნაკრები არ არის.

სტადიონზე მაროკოს ფანების უმრავლესობა იქნება? ჩვენთვის ეს სტიმულია, მოგვწონს სავსე სტადიონზე თამაში. ეს არ არის პრობლემა, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალშიც, ხორვატიასთან კოპენჰაგენში უმეტესობა ხორვატი ფანები იყვნენ“, - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და მაროკოს ნაკრებთა მატჩი 6 დეკემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120461