კატარის მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო მერვედფინალური მატჩი პორტუგალიასა და შვეიცარიას შორის გაიმართება და ბოლო მეოთხედფინალის მონაწილეც სწორედ ამ შეხვედრაში გაირკვევა.
სამხრეთ კორეასთან მოულოდნელი მარცხის მიუხედავად, პორტუგალიის ნაკრები მაინც ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიიჩნევა, სერბეთთან ნაბრძოლი შვეიცარია კი შეეცდება მუნდიალებზე დაფიქსირებული საუკეთესო შედეგი გაიმეოროს. ამ დაპირისპირებაში გამარჯვებული მაროკოსა და ესპანეთს შორის დაუპირისპირდება.
ევრო 2016-ის გამარჯვებულმა გუნდმა შანსი, ჯგუფური ეტაპი 9 ქულით დაესრულებინა, ხელიდან გაუშვა. განასთან და ურუგვაისთან მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვებების შემდეგ, ფერნანდუ სანტუშის გუნდი მოულოდნელად სამხრეთ კორეასთან დამარცხდა და აზიელებს გზა გაუხსნა მომდევნო ეტაპისკენ. შესანიშნავ ფორმაშია გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ბრუნო ფერნდანდეში, რომელმაც ძალიან კარგი ჯგუფური ეტაპი ჩაატარა. გულშემატკივრები უკმაყოფილებას გამოხატავდნენ კრიშტიანუ რონალდუს მისამართით, თუმცა საეჭვოა მთავარმა მწვრთნელმა ის სათადარიგოთა სკამზე თუნდაც გულშემატკივრების პროტესტის ფონზე დატოვოს. გაირკვა, რომ ნუნო მენდეში გუნდს მუნდიალზე ვეღარ დაეხმარება, სხვა მხრივ კი პორტუგალიელებს პრობლემები არ აქვთ და შვეიცარიის წინააღმდეგ ფავორიტებადაც მიიჩნევიან.
მურატ იაკინის გუნდმა ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში სერბეთის ნაკრებთან დიდი ბრძოლა გადაიტანა, თუმცა თავისი ევროპელი მეტოქე მაინც დაამარცხა და პორტუგალიაზე გავიდა. კარგ ფორმაშია გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა ჯერდან შაქირი, ბრეელ ემბოლო კი ალბათ, თავის კარიერაში ერთ-ერთ საუკეთესო პერიოდს ატარებს და პორტუგალიის ნაკრებს პრობლემებიც უნდა შეუქმნას. შვეიცარია რომ არავისთვის საჩუქარი არაა, ამაში გასულ ევროპის ჩემპიონატზეც დავრწმუნდით, მუნდიალზე კი ისინი მინიმუმ 1954 წლის შედეგის გამეორებას და 1/4 ფინალში გასვლას შეეცდებიან.
სტატისტიკა
პორტუგალიის ნაკრებს ბოლო ცხრა მატჩია მსოფლიო ჩემპიონატზე გოლი აუცილებლად გააქვს. სამაგიეროდ, მათი გუნდის ლიდერს, კრიშტიანუ რონალდუს ჯერ-ჯერობით პლეი ოფში გოლი არასოდეს გაუტანია.
შვეიცარიის ნაკრები სამჯერ ყოფილა მუნდიალის 1/4 ფინალურ ეტაპზე, თუმცა ეს ბოლოს მაშინ მოხდა, როდესაც ისინი მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობდნენ - 1954 წელს.
შვეიცარიის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში 3 მატჩი არასოდეს მოუგია. ამჯერად მათ 2 შეხვედრა აქვთ მოგებული, პორტუგალიასთან მატჩი კი ამ უსიამოვნო ტრადიციის დარღვევის კარგი შანსი იქნება.
ამ გუნდებს ერთმანეთის წინააღმდეგ 25 მატჩი ჩაუტარებიათ - 9 პორტუგალიის გამარჯვებით დასრულდა, 11 - შვეიცარიის, 5 კი ფრედ. ბოლო მატჩი ამ გუნდებმა 2022 წლის ივნისში ერთა ლიგაზე ჩაატარეს - პირველი მატჩი პორტუგალიელთა გამარჯვებით - 4:0 დასრულდა, მეორე შეხვედრაში კი გუნდებმა ქულები გაიყვეს - 1:1
სავარაუდო შემადგენლობები
6 დეკემბერი, 23:00 საათი
ლუსაილი, „ლუსაილ სთედიუმი“
პორტუგალია (4-3-3): დიოგუ კოშტა, დალო, პეპე, დიაში, კანსელუ, ნევეში, კარვალიუ, ბრუნო ფერნანდეში, ბერნარდუ სილვა, ფელიქსი, რონალდუ.
შვეიცარია (4-5-1): კობელი, ვიდმერი, აკანჯი, შერი, როდრიგესი, ფროილერი, ჯაკა, შაქირი, სოუ, ვარგასი, ემბოლო.