მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში საფრანგეთის ნაკრებთან დაპირისპირების შემდეგ, მეტი ქეშმა კილიან მბაპეს მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
,,მბაპე გასაოცარი, დაუჯერებელი ფეხბურთელია. ის ჩემთვის ყველაზე რთული მეტოქეა. როდესაც ,,მანჩესტერ სიტის" ვეთამაშეთ, მაშინ ვთქვი, რომ რაჰიმ სტერლინგი იყო ყველაზე რთული მეტოქე, ვისთანაც მითამაშია. სტერლინგი სწრაფია, მაგრამ მბაპე ელვისებურია.
ის სხვა დონეზეა. პრემიერ ლიგაში ყოველ კვირას ვთამაშობ და თანაც ვთამაშობ უმაღლესი კლასის შემტევების წინააღმდეგ, მაგრამ მარტივად შემიძლია ვთქვა, რომ მბაპე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდება. მისი სისწრაფე, მისი მოძრაობა, საკმარისია ბოლო ფაზაში მის მოქმედებებს დავაკვირდეთ, მას ყველაფერი აქვს.
არ ვიცოდი მისთვის სივრცე დამეტოვებინა, თუ მჭიდროდ მეთამაშა. როდესაც ის ბურთს იღებდა, ჯერ ჩერდებოდა, შემდეგ გარბოდა. ის ყველაზე სწრაფი რამაა, რაც კი ოდესმე მინახავს" - განაცხადა ქეშმა მატჩის შემდგომ.
პოლონეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალურ ეტაპზე გავიდა, თუმცა მოქმედი ჩემპიონის, საფრანგეთის წინააღმდეგ ვეღარაფერს გახდა, 1:3 წააგო და ტურნირს გამოეთიშა. ამ შეხვედრაში კილიან მბაპემ ორი გოლის გატანა მოახერხა.