მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები ტიტულის შენარჩუნებისთვის ბრძოლას აგრძელებს და პლეი-ოფის პირველ სტადიაზე პოლონეთის ნაკრების წინააღმდეგობის დაძლევა მოუწევს.
ფაქტია, რომ წყვილში დიდიე დეშამის გუნდი აშკარა ფავორიტია. საფრანგეთმა ჯგუფში ავსტრალია და დანია დაამარცხა, მართალია, ბოლო ტურში გადახალისებული შემადგენლობით ტუნისთან წააგო, მაგრამ ავსტრალიას ბურთების ბალანსით აჯობა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ ტუნისთან საფრანგეთს ბოლო წუთზე ძალიან საეჭვო ვითარებაში გოლი არ ჩაუთვალეს, რითაც მუნდიალზე 9-მატჩიანი წაუგებელი სერია შეუწყდა.
პოლონეთმა მექსიკასთან ფრეს, საუდის არაბეთთან მოგება მიაყოლა და არგენტინასთან უშანსოდ წააგო, მაგრამ მექსიკას ბურთების ბალანსით აჯობა და მეორე ადგილი დაიკავა. პოლონელებმა არგენტინასთან ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დატოვეს და თუ უკეთ არ ითამაშებენ, საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ ძნელი სათქმელია, რა შანსი ექნება. ნათელი წერტილი ვოიცეხ შჩესნია, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე 20 სეივი მიითვალა და ორი პენალტი მოიგერია. ის კარგ ფორმაშია და პოლონელებს მისი იმედი ყველაზე მეტად უნდა ჰქონდეთ.
საფრანგეთის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდებიან ის ფეხბურთელები, რომლებმაც ტუნისთან დაისვენეს და დეშამი თავის გუნდს საბრძოლი შემადგენლობით ათამაშებს. პოლონეთის ნაკრების სასტარტოში კი არკადიუშ მილიკის გამოჩენაა მოსალოდნელი, რადგან ნათელია, რომ რობერტ ლევანდოვსკის შეტევაში მარტო მოქმედება ძალიან უჭირს.
სტატისტიკა
საფრანგეთი მუნდიალზე მე-16-ედ თამაშობს და ორჯერ ჩემპიონი გახდა, ერთხელ ფინალი წააგო და ორჯერ მესამე ადგილი დაიკავა. გარდა ამისა, ფრანგები ჯგუფში 6-ჯერ ჩარჩნენ, მათ შორის 2002 და 2010 წლებში.
კილიან მბაპეს მსოფლიოს ჩემპიონატზე 7 გოლი აქვს გატანილი (2018 წელს -4 , 2022 წელს - 3) და 23 წლის ასაკში მსგავსი შედეგიანობით მუნდიალზე მხოლოდ პელე გამოირჩა.
პოლონეთისთვის ეს მე-9 მსოფლიოს ჩემპიონატია და ორჯერ დაიკავა მესამე ადგილი (1974 და 1982 წლებში), თუმცა, მისთვის ბოლო სამ მუნდიალზე, 2002, 2006 და 2018 წლებში ჯგუფში ჩარჩა, სამჯერვე იდენტური შედეგით - 1 მოგება, 0 ფრე, 2 წაგება.
რობერტ ლევანდოვსკიმ მუნდიალზე უგოლო სერია მეორე ტურში დაასრულა, როდესაც საუდის არაბეთის კარი დალაშქრა.
პოლონეთი მუნდიალის პლეი-ოფში 1986 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს. მაშინ მათ ბრაზილიასთან 0:4 წააგეს.
საფრანგეთი 2006 წლის შემდეგ პირველი მოქმედი ჩემპიონია, რომელიც ჯგუფიდან გავიდა და გარდა ამისა, ბოლოს 1986 წელს მოხდა, რომ მოქმედი ჩემპიონი მუნდიალს მერვედფინალში დაემშვიდობა. მაშინ იტალიამ სწორედ საფრანგეთთან წააგო.
საფრანგეთის ნაკრები მერვედფინალში არასდროს დამარცხებულა. ამ ეტაპზე "მამლებმა" ხუთჯერ ითამაშეს (1986, 1998, 2006, 2014, 2018 წლებში) და ხუთჯერვე მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.
საფრანგეთი და პოლონეთი ერთმანეთს 16-ჯერ შეხვედრიან და ფრანგები დიდ უპირატესობას ფლობენ - 8 მოგება, 5 ფრე, 3 წაგება. ბოლოს ისინი 2011 წელს ამხანაგურ მატჩში შეხვდნენ და ფრანგებმა 1:0 მოიგეს.
კონკრეტულად მსოფლიოს ჩემპიონატზე საფრანგეთი და პოლონეთი ერთმანეთს 1982 წელს, მესამე ადგილისთვის მატჩში შეხვდნენ და პოლონელებმა 3:2 მოიგეს. სხვათა შორის, პოლონეთს საფრანგეთი სწორედ 1982 წლის შემდეგ არ დაუმარცხებია, როცა 31 აგვისტოს ამხანაგურ თამაშში 4:0 აჯობა.
სავარაუდო შემადგენლობები
4 დეკემბერი, 19:00 საათი
დოჰა, „ალ თუმამა სთედიუმი“
საფრანგეთი (4-2-3-1): ლორისი; კუნდე, ვარანი, უპამეკანო, ტ. ერნანდესი; ჩუამენი, რაბიო; დემბელე, გრიზმანი, მბაპე; ჟირუ
პოლონეთი (4-4-2): შჩესნი; კეში, გლიკი, კივიორი, ბერეშჩინი; ფრანკოვსკი, ბიელეკი, კრიხოვიაკი, ჟელინსკი; ლევანდოვსკი, მილიკი