ბელგიის ნაკრების მეკარე ტიბო კურტუამ მუნდიალზე წარუმატებლობის შესახებ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ თუ ტიტულს ვერ მოიგებენ, გამოდის, რომ არც ოქროს თაობას წარმოადგენენ.
„თუ ვერაფერს მოვიგებთ, მაშინ ოქროს თაობა არ ვართ. 2018 წლის მუნდიალზე ვაჩვენეთ, რომ კარგად თამაში შეგვიძლია, მაგრამ ევრო 2020-ზე და ახლა ეს ვერ მოვახერხეთ. ვნახოთ, ვინ წავა და ვინ დარჩება გუნდში, წინ ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო მატჩები გველოდება.
ეს არ არის ის, რაც გვინდოდა, მაგრამ ვიცოდით, რომ სამი რთული მეტოქე გვყავდა. კანადასთან მოვიგეთ, თუმცა ალბათ გამარჯვებას არ ვიმსახურებდით, მაროკოსთან კი უფრო სამართლიანი შედეგი ფრე იქნებოდა“, - თქვა კურტუამ.
შეგახსენებთ, რომ ბელგიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 4 ქულა დააგროვა და ჯგუფიდან ვერ გავიდა.