მძიმე წონაში WBC-ს ჩემპიონი, ბრიტანელი ტაისონ ფიური, თავისი ტიტულის დასაცავად, თავის თანამემამულე დერეკ ჩისორას შეხვდება, რომელიც ორჯერ უკვე ჰყავს დამარცხებული. შეხვედრა ლონდონის ტოტენჰემ ჰოტსპურის სტადიონზე, შაბათს გაიმართება.
ეს ორი ბრიტანელი ერთმანეთს 2011 და 2014 წლებშიც შეხვდა და ფიურიმ ორივე ბრძოლა იოლად მოიგო. ეს ფიურის პირველი ბრძოლაა მას შემდეგ, რაც ექვსი თვის წინათ, კიდევ ერთი თანამემამულე, დილიან უაითი დაამარცხა. ის ბრძოლა ლონდონის უემბლის სტადიონზე გაიმართა.
იმ გამარჯვების შემდეგ, ფიურიმ განაცხადა, რომ რინგს ტოვებს, რადგან მეუღლეს დაპირდა. მაგრამ ეს გადაწყვეტილება მალე შეცვალა. ბრძოლის წინა პრეს კონფერენციაზე მან განაცხადა, რომ კარგ ფორმაშია, კარგ განწყობაზე და მზადაა, რინგზე როკ ენ როლი შეასრულოს. უფრო მეტიც, ბედნიერი იქნება, თუ ყოველთვე იბრძოლებს, რადგან ეს მისი ცხოვრებაა.
„ძალიან ბევრს ვვარჯიშობ და ჩემს ყველა მეტოქეს პატივს ვცემ. როდესაც დარბაზში ვარ, ყოველთვის 110 პროცენტით ვიხარჯები. ამ ბრძოლისთვის 9 კვირა ვემზადებოდი, ექვსი კვირაა, სექსიც არ მქონია. რინგზე გამძვინვარებულ კურდღელს გაჩვენებთ“, - განაცხადა ფიურიმ.
ჩისორა იქადნის, რომ „ომისთვის“ მზადაა და არ ადარდებს, რომ მას ყველა აუტსაიდერად მიიჩნევს. „მე იმის მოპოვება მინდა, რაც მას ეკუთვნის. მე მას ფიზიკურად და მორალურად გავუსწორდები. ეს არ იქნება მოსაწყენი სანახაობა. ეს შესანიშნავი ბრძოლა იქნება“, - ამბობს ჩისორა.
ის დასძენს, რომ მან და ფიურიმ ნაძლევი დადეს, არა ფულზე. მის პირობებს კი ბრძოლის შემდეგ გაგვაცნობენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრძლას 60 000 მაყურებელი დაესწრება.