ფეხბურთი

1:06 | 1.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ეს უკვე სხვა არგენტინაა! პოლონეთიც მერვედფინალშია

არგენტინის ნაკრებმა შეცდომა არ დაუშვა და მიმდინარე მუნდიალზე საუკეთესო თამაში საკვანძო მომენტში ჩაატარა - ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში.

არგენტინას პოლონეთთან მატჩის წინ არაფერი ჰქონდა გარანტირებული, რადგან მარცხის შემთხვევაში ჯგუფში ჩარჩებოდა, ფრეზე კი ყველაფერს სათუოს გახდიდა. სამაგიეროდ, გამარჯვება პრაქტიკულად ჯგუფში პირველ ადგილს და მერვედფინალში ავსტრალიასთან თამაშს, შესაბამისად, თავიდან საფრანგეთის არიდებას ნიშნავდა.

ამიტომაც იყო, ლიონელ სკალონის გუნდმა ძალიან კონცენტრირებული, კარგი და უშეცდომო ფეხბურთი ითამაშა. არგენტინა უდიდესი უპირატესობას ფლობდა, რაზეც სტატისტიკა მეტყველებს.

პოლონეთს არაფერი გაუკეთებია იმისათვის, რომ არ წაეგო, ვოიცეხ შჩესნის უნდა უმადლოდნენ, რომ უფრო დიდი ანგარიშით არ წააგეს. „იუვენტუსის“ მეკარე ამ მსოფლიოს ჩემპიონატს დიდებულ ფორმაში შეხვდა წინა ორ ტურში გოლი ხომ არ გაუშვა, 9 სეივი ჰქონდა და პენალტიც მოიგერია. პოლონელმა კიპერმა არგენტინასთან კიდევ უფრო მაგრად ითამაშა და 11 სეივი მიითვალა, მათ შორის, ძალიან რთული დარტყმები მოიგერია და რაც მთავარია, 39-ე წუთზე ლიონელ მესის პენალტი აუღო.

თუმცა, შჩესნის გარჯა პოლონეთს კარის მშრალად შენახვაში მაინც ვერ დაეხმარა, რადგან მეორე ტაიმის დასაწყისში, პირველივე წუთზე ალექსის მაკალისტერმა ანგარიში გახსნა და არგენტინა დამსახურებულად დაწინაურდა. სკალონის გუნდმა 67-ე წუთზე მეორეც გაიტანა, ამჯერად ხულიან ალვარესმა და „ალბისელესტემ“ 2:0 მოიგო.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ არგენტინამ იდეალურთან მიახლოებული ფეხბურთი ითამაშა და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. აშკარაა, რომ სამხრეთამერიკელები უმატებენ და პლეი-ოფში უფრო საშიში გახდება. მერვედფინალში არგენტინის ნაკრები 3 დეკემბერს, ავსტრალიის ნაკრებს შეხვდება და აშკარა ფავორიტია. ცნობისთვის, მეოთხედფინალში ამ წყვილში საუკეთესო ნიდერლანდები-აშშ-ს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

მარცხის მიუხედავად ჯგუფიდან გავიდა პოლონეთის ნაკრებიც, რომელმაც 4 ქულით მეორე ადგილი დაიკავა. ჩესლავ მიხნიევიჩის გუნდმა მექსიკას ბურთების ბალანსით აჯობა. პარალელურად მექსიკელებმა საუდის არაბეთი 2:1 დაამარცხეს, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა, მათ ერთადერთი გოლი დააკლდათ, 3:1 რომ მოეგოთ, მექსიკა გავიდოდა, მაგრამ პოლონეთი გავიდა, რომელიც 4 დეკემბერს, საფრანგეთის ნაკრებს შეხვდება.

პოლონეთი - არგენტინა 0:2 (0:0)

დოჰა, „სთედიუმ 974“

პოლონეთი (4-2-3-1): შჩესნი; კეში, გლიკი, კივიორი, ბერეშჩინსკი (იედერშჩიაკი 72); ბიელეკი (შჩიმანსკი 62), კრიხოვიაკი (პიონტეკი 84); ჟელინსკი, სვიდერსკი (სკორაში 46), ფრანკოვსკი (კამინსკი 46); ლევანდოვსკი

მწვრთნელი: ჩესლავ მიხნიევიჩი

არგენტინა (4-3-3): ე. მარტინესი; მოლინა, რომერო, ოტამენდი, აკუნია (ტალიაფიკო 59); მაკალისტერი (ალმადა 84), დე პაული, ფერნანდესი (პეცელა 79); დი მარია (პარედესი 59), ალვარესი (ლაუტარო 79), მესი

მწვრთნელი: ლიონელ სკალონი

გოლები: 0:1 მაკალისტერი (46), 0:2 ალვარესი (67)

გაფრთხილება: კრიხოვიაკი (78) - აკუნია (49)

გამოუყენებელი პენალტი: მესი (39, მეკარე)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 3 (0) – 24 (13) ბურთის ფლობა: 27%-73% კუთხურები: 1:9 თამაშგარე: 0:1

მსაჯი: დანი მაკკელიე (ნიდერლანდები)

1. არგენტინა 3 2 0 1 5 2 3 6
2. პოლონეთი 3 1 1 1 2 2 0 4
3. მექსიკა 3 1 1 1 2 3 -1 4
4. საუდის არაბეთი 3 1 0 2 3 5 -2 3
0.136999