ფეხბურთი

18:30 | 30.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

იაპონია რთული ამოცანის წინაშე, ესპანეთი აშკარა ფავორიტია

მსოფლიოს ჩემპიონატის E ჯგუფში იაპონიისა და ესპანეთის ნაკრებები შეხვდებიან. მატჩი გადამწყვეტია ორივე გუნდისთვის და შესაბამისად, დიდ ინტერესსაც იწვევს.

ესპანეთის ნაკრებმა კოსტა რიკასთან შთამბეჭდავი 7:0-ის შემდეგ გერმანიის ნაკრებს ვერ მოუგო, თუმცა მოგებასთან ახლოს იყო და რამდენიმე წუთი დააკლდა. მთლიანობაში „ფურია როხამ“ განვლილ მატჩებში კარგი შთაბეჭდილება დატოვა და წესით შორს მიმავალი გეგმები უნდა ჰქონდეს. ლუის ენრიკეს გუნდს მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ქულაც ეყოფა, მაგრამ იაპონიასთან აშკარა ფავორიტია და სავარაუდოდ, გამარჯვება არ უნდა გაუჭირდეს.

იაპონიის ნაკრებმა კი ორგვაროვანი შთაბეჭდილება დატოვა - ჯერ გერმანია 2:1 დაამარცხა, კარგადაც ითამაშა, მაგრამ მერე კოსტა რიკის ნაკრებთან ძალიან ინერტული იყო და ერთი უყურადღებობაც ძალიან ძვირად, მარცხის ფასად დაუჯდა. არადა, აზიელებს ქულა მაინც რომ მოეპოვებინათ, ახლა ძალიან ახლოს იქნებოდნენ პლეი-ოფთან (მოგებაზე სულაც გასულები). ახლა კი, ჰაჯიმე მორიასუს გუნდი რთულ ვითარებაშია და ესპანეთის ნაკრებთან გამარჯვება იოლი ამოცანა სულაც არ არის, მითუმეტეს იაპონიის ნაკრებისთვის.

ლუის ენრიკე წინა მატჩებისგან განსხვავებით ძირითად შემადგენლობაში ცვლილებებს შეიტანს. დაცვის ცენტრში პაუ ტორესის გამოჩენას ელოდებიან, ხოლო როდრი ნახევარდაცვაში აიწევს და სერხიო ბუსკეტსის ადგილს დაიკავებს, რომელიც დისკვალიფიკაციის ზღვარზეა და ლუის ენრიკე არ გარისკავს. თავის მხრივ ბოლო ვარჯიში გამოტოვა გავიმ და 18 წლის ნახევარმცველის თამაშიც საეჭვოა, სავარაუდოდ, მას კარლოს სოლერი შეცვლის. ალვარო მორატა კი 2 გოლის შემდეგ სასტარტოში გამოჩნდება და მარკო ასენსიოს ადგილს დაიკავებს.

იაპონიის ნაკრების რიგებში ისევ არ იქნება ძირითადში ტაკუმი მინამინო, რაც საკმაოდ უცნაურია - მწვრთნელი იშვიათად ენდობა. სამაგიეროდ, სასტარტოში ელოდებიან ტაკეფუსა კუბოს დაბრუნებას, შეტევაში კი დაიჩი კამადა და დაიზენ მაედა იმოქმედებენ.

სტატისტიკა

ესპანეთის ნაკრებს 2010 წლის შემდეგ, როცა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, პლეი-ოფში თამაში არ მოუგია. „ფურია როხა“ 2014 წელს ჯგუფში ჩარჩა, ხოლო 2018 წელს მერვედფინალში რუსეთთან დამარცხდა.

ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-16-ედ თამაშობს და წინა 15 შემთხვევიდან, მეოთხედფინალური ეტაპი ერთადერთხელ გადალახა - მაშინ, როცა ჩემპიონი გახდა (2010 წელს). ამგვარად, "ფურია როხა" მუნდიალზე საუკეთესო ოთხეულში ერთხელ გავიდა და ჩემპიონობაც მოიპოვა.

იაპონიამ მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად 1998 წელს ითამაშა და მას შემდეგ მუნდიალი არ გამოუტოვებია. აზიელები წინა 6 შემთხვევიდან 3-ჯერ ჯგუფიდან გავიდნენ.

ესპანეთისა და იაპონიის ნაკრებები აქამდე ერთადერთხელ შეხვედრიან. ეს 2001 წლის 25 აპრილს მოხდა, როცა გუნდები ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდნენ და ევროპელებმა 1:0 მოიგეს.

სავარაუდო შემადგენლობები

1 დეკემბერი, 23:00 საათი

დოჰა, „ხალიფა სთედიუმი“

იაპონია (4-2-3-1): გონდა; იამანე, იტაკურა, იოშიდა, ნაგატომო; ტანაკა, მორიტა; დოანი, კამადა, კუბო; მაედა

ესპანეთი (4-3-3): სიმონი, კარვახალი, პ. ტორესი, პალორტი, ალბა; კოკე, როდრი, პედრი; ფ. ტორესი, მორატა, დანი ოლმო

0.119495