ბელგიის ნაკრების მეკარე ტიბო კურტუამ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფეხბურთელებს ერთმანეთთან კონფლიქტი აქვთ. გამოცდილი მეკარის თქმით, „ვირთხას“ თუ იპოვიან, ის გუნდს აუცილებლად დატოვებს.
„ახლა ყველა იმედგაცრუებული ვართ, მაგრამ გვჯერა, რომ ხორვატიას დავამარცხებთ და მომდევნო ეტაპზე გავალთ. ეს ფეხბურთია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. დიახ, მაროკოსთან წაგების შემდეგ ყველანი გაბრაზებულები და მოწყენილები ვიყავით, მაგრამ ვფიქრობთ, რომ მედიამ ეს სიტუაცია გააზვიადა და პლეი-ოფში გასვლა შეგვიძლია.
ინფორმაცია გასახდელიდან ფეხბურთელს გააქვს? ჩვენ ვმუშაობთ არა მარტო ფეხბურთელებთან, არამედ სხვა პერსონალთან, სადაც ბევრი ადამიანია. არ ვიცით, ასეთ რაღაცებს ვინ ავრცელებს, მაგრამ ეს ყველაფერი დიდი ტყუილია. არ გვჭირდება იმის გარკვევა ვინ გაავრცელა ინფორმაცია, მაგრამ თუ გავიგებთ, ვინ არის „ვირთხა“, ის ჩვენთან აღარ იქნება. ჩვენ ვართ გუნდი, ოჯახი, ყველაფერი გუნდში უნდა დარჩეს“, - თქვა კურტუამ.
შეგახსენებთ, რომ მედია იან ვერტონგენს, კევინ დე ბრუინსა და ედენ აზარს შორის კონფლიქტზე წერდა. ამ საკითხზე აზარმაც ისაუბრა, რომელმაც პრესკონფერენცია კურტუასთან ერთად გამართა:
„რაც ითქვა, ყველაფერი გადაჭარბებულია, გუშინ გვქონდა შეხვედრა და ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ. რობერტო მარტინესიც ჩვენთან ერთად იყო. ორი დღე გვაქვს მოსამზადებლად და თამაშის მოსაგებად.
ვერტონგენთან მაროკოსთან თამაშის შემდეგ არანაირი დისკუსია არ ყოფილა. დე ბრუინსაც ვესაუბრე იმ განცხადებაზე, რაც თამაშის სტილსა და გუნდის გადაბერებაზე თქვა, მაგრამ ეს უფრო ხუმრობით თქვა. მას გუნდისგან სრული ნდობა აქვს, ასე რომ არ იყოს, ის აქ არ იქნებოდა. ნორმალურია, რომ წაგების მერე გასახდელში გაბრაზებულები ვიყავით, მაგრამ მეტი არაფერი მომხდარა. რთული მომენტია, ჩემთვის ყველაზე რთული, რაც ნაკრებში მქონია, მაგრამ ასეთი პერიოდი დიდ გუნდებსაც აქვთ, ამიტომ, უფრო ერთიანი ვიყოთ და თამაში მოვიგოთ“, - აღნიშნა აზარმა.
შეგახსენებთ, ბელგიის ნაკრები 1 დეკემბერს, ხორვატიას დაუპირისპირდება და მერვედფინალში გასასვლელად 3 ქულის მოპოვება სჭირდება.